ბუკიკაშვილი დარეჯან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:00, 23 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბუკიკაშვილი დარეჯან − (დ. 1908 − გარდაცვალების წელი უცნობია), ქართველი პოეტი. დაიბადა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუჭყინტაში. დარეჯანმა ბავშვობა მწყემსობაში გაატარა. წერა-კითხვა სიპის ქვაზე ისწავლა. 1923 წელს ცოლად გაჰყვა ალექსი ბოძაშვილს, რომელსაც „გაკრულას“ ეძახდნენ. ამის შემდეგ დარეჯანს მეტწილად „გაკრულათ დარეჯანის“ სახელით იხსენიებდნენ. 1935-1936 წლებში „გაკრულას“ ოჯახი თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში ჩამოსახლდა. დარეჯან ბუკიკაშვილი ლექსები ფშაურ მოტივზეა დაწერილი, ასევეა მისი კაფიათა დიდი ნაწილიც.
- * * *
- ნავროთა ჰქონდა ქორწილი,
- დიდი, პატარა კიოდა,
- გვიგვინებს დოლი, გრიალებს,
- გარმუნიც ამოჭყიოდა.
- თამაშობს დარეჯანაი,
- ტლინკურში ამოდიოდა,
- იმის დაკარგულ ძროხები,
- მაჩხაურს გამოდიოდა.
- შამაჰხვევიყო ჯეჯილსა,
- სადაც მწვანედა ღვიოდა.
- სადღა ახსოვდა ძროხები,
- ლუდი და ღვინო შხიოდა.
- მაშინღა მაჰგონებიყო,
- მზეს სხივებ აღარ სდიოდა.
- „რა ქნა მაგ დანელებულმა” −
- მთელი უბანი ჩიოდა.
- ერთი მყავ, ისიც თან წაჰყვა,
- მე რა თავს გადამდიოდა.
- ნეტავი გამაგებინა,
- ვის უფრო გული სტკიოდა!
- მჭედლურთ მარიამს ამბობენ,
- გულზე ცეცხლ გადასდიოდა.
- გამამივარდა გზაშია,
- მტრებულად ჩამამკიოდა.
- ცოტა არ იყოს შავშინდი,
- ცრემლები ჩამომდიოდა.
- გამწარდა ჩემ წილ ქორწილი,
- ყელშიაც ამამდიოდა.
- ეს ლექს რო შავარემონტე,
- პირველ ქათამი ყიოდა.