ალავერდის ტაძარი
ალავერდის ტაძარი - კახეთში, ალავერდის ჭალაში ცხოვრობდა ერთი წმიდა ბერი, იოსებ ალავერდელი. იმ დროსვე ცხრაკარაში (წოვა და ჩაღმა-თუშების საზღვარზე) ერთი მთის ქედზე სასახლე ჰქონია ნაღარა-ხანს. სასახლის გასწვრივ მეორე მთის კალთაზე არის გუმბათიანი ქვითკირის ეკლესია ნათლისმცემლის სახელზე, სადაც თამარ მეფის სახეა გამოსახული.
ეს ნაღარა-ხანი ერთხელ სანადიროდ წასულა, გაუშვია მიმინო. მიმინო გამოეკიდა ერთ ხოხობს. ხოხობი გაექანა და ბერს შეეფარა კალთაში. მიმინო შემოჯდა ხეზე და იქიდან დაუწყო ლოდინი თავის მსხვერპლს.
ნაღარა-ხანი მივიდა ბერთან და, როგორ თუ გაბედე ხოხბის შეფარებაო, იშიშვლა მახვილი მოსაკლავად. მაგრამ მოღერებული ხელი იმწამსვე გაუშეშდა. ხანმა რომ ეს სასწაული დაინახა, შეევედრა ბერს, ხელი განმიკურნე და რასაც მთხოვ, მოგცემო. ბერმა ლოცვის ძალით განკურნა ხანი და სამაგიეროდ ერთი ფიცრის ეკლესიის აშენება სთხოვა. ხანმა შეუსრულა ბერს ეს თხოვნა. ასე აშენდა ალავერდში ეკლესია წმიდა გიორგის სახელზე.
ეკლესიის ეზოში ხშირად თამაშობდნენ, ჭიდაობდნენ და ძიძგილაობდნენ ყმაწვილები. ერთი მათგანი ყოველთვის დამარცხებული გამოდიოდა და, რომ ვერას გზით ვერ გაიმარჯვა, ასეთი ხერხი მოიგონა: მოსწვა ერბო-კვერცხი და მიიტანა ეკლესიის კარებთან, წმიდა გიორგის მიართვა ძღვნად: ღონე მომეცი და გამამარჯვებინეო... ამ დროს ეკლესიაზე მდიდარმა ბერძნის ვაჭრებმა ჩამოიარეს და, როცა საყდრის კარებთან ერბო-კვერცხი დაინახეს, ჩამოხდნენ ცხენებიდან, დასხდნენ და შეექცნენ. ჭამა რომ მოამთავრეს, ადგნენ და გაუდგნენ გზას. გზაში ყველანი ავად გახდნენ. მობრუნდნენ ვაჭრები ბერთან, უამბეს ყველაფერი და იკითხეს მიზეზი. ბერმა წმიდა გიორგის წყრომას მიაწერა მათი ავადმყოფობა. ვაჭრებმა აღთქმა დადეს, თუ მოვრჩებით, დიდ ტაძარს ავაშენებთ და შევამკობთო. მართლაც, ყველანი განიკურნენ, დაბრუნდნენ და აღასრულეს თავისი აღთქმა – ააშენეს ეს ახლანდელი ალავერდის ტაძარი...
ამაზეა გამოთქმული ქართული ანდაზა: „წმიდა გიორგის ერბო-კვერცხი არავის შერჩებაო“. ალავერდის დასავლეთის შესავალ კარის თავზე მოთამაშე ყმაწვილებია დახატული...