ალავერდის ტაძარი
ალავერდი - წმ. გიორგის ტაძარი XI საუკუნის პირველი მეოთხედი მდებარეობს ალაზნის ველზე, მდინარის მარჯვენა ნაპირას, ახლანდელ ახმეტის რაიონში; ალავერდი შუა საუკუნეების საქართველოს ერთი ყველაზე სახელგანთქმული სალოცავთაგანი იყო, ხოლო ალავერდობას (სექტემბერ-ოქტომბერში) დიდად, პოპულარული იყო საეკლესიო და სახალხო დღესასწაული, რომელშიც მონაწილეობდნენ არა მარტო ქართველები (გარე-კახეთიდან, ქიზიყიდან, ერწო-თიანეთიდან, ფშავ-ხევსურეთიდან), არამედ, ქისტები და დაღესტნელებიც. იმართებოდა ბაზრობაც.
სარჩევი |
ისტორია
ამ ადგილას პირველი ეკლესიის აგება უკავშირდება ერთ-ერთი ასურელი მამის, იოსებ ალავერდელის (VI ს.) სახელს. მაშინ ეს სოფელთაგან დაშორებული, უკაცრიელი ადგილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, აქ არსებობდა წარმართული სალოცავი, რომელიც მრავალრიცხოვან მორწმუნეს იზიდავდა. სწორედ ამიტომ უნდა აერჩია ეს ადგილი ეკლესიის ასაშენებლად ახალი სარწმუნოების მქადაგებელს, მისიონერ იოსებს. ალავერდის დიდ სახელსა და პოპულარობას ზოგი ძველი წერილობითი საბუთიც მოწმობს, მაგალითად, სოფელ ერედვის (ქართლშია) ეკლესიის წარწერა 906 წლისა, რომელშიაც აღნიშნულია, რომ აფხაზეთის მეფემ კონსტანტინემ, ჰერეთში ლაშქრობის დროს, „ცისკრად ალავერდს ილოცა“.
ტაძარი აგებულია კახეთის სამეფოს ძლიერების ხანაში - ეს ყველაზე დიდი საეკლესიო ძეგლია კახეთში და ერთი უდიდესთაგანი მთელ საქართველოში. ძეგლი დათარიღებულია, უპირველეს ყოვლისა, მისი არქიტექტურის ანალიზის საფუძველზე. გარდა შენობის ტიპისა, საერთო სტრუქტურისა და პროპორციებისა, მორთულობის სისტემისა (ეს მონაცემები უეჭველად განსაზღვრავს ტაძრის აგების ეპოქას), გ. ჩუბინაშვილმა ყურადღება მიაქცია ზოგ ხუროთმოძღვრულსა და დეკორაციულ ელემენტს, რომლებიც ტაძარს აახლოებს X-XI საუკუნის მიჯნასთან (მაგ., ნახევარწრიული კედლის სვეტები, დამახასიათებელი X საუკუნის დასასრულისა და XI საუკუნის დასაწყისის ექვსაფსიდიანი ეკლესიებისთვის, და სხვა), აგრეთვე იმასაც, რომ აღმოსავლეთი ფასადის კომპოზიცია, თავისი განვითარების დონით, აშკარად წინ უსწრებს ისეთი ძეგლის აღმოსავლეთი ფასადისას, როგორიც არის 1030 წლით დათარიღებული სამთავისის კათედრალი.
აღმოსავლეთ ფასადზე, ძალიან მაღლა, რელიეფური ჯვრის ქვემოთ, გვიანდელი შელესილობის მოშორების შემდეგ აღმოჩნდა ძალიან ლამაზი მთავრული ასოებით შესრულებული წარწერა, რომლის ნაწილიც დაღუპულია, გადარჩენილი ნაწილი კი ასე იკითხება: „წმიდაო გიორგი, მეხვაიშნე ეყავ წინაშე ღმრთისა მონასა შენსა გიორგი აბაის, დისწულსა გოდერძი ერისთავისასა, რომელმან აღაშენა... კონქი ესე ამინ“. პალეოგრაფიული ნიშნებით ნაწერი ტიპურია XI საუკუნის პირველი ნახევრისათვის. იმ დროის საბუთებში იხსენიება ვინმე გოდერძი ერისთავ-ერისთავიც (აბაი = აბა = აბბა = ამბა, ნიშნავს მამას; მეხვაიშნე უნდა ნიშნავდეს შემწეს, შუამდგომელს).
ძირითადი ნაწილები რიყის ქვით არის ნაშენი, მაგრამ თავდაპირველად კედლები გარედანაც და შიგნიდანაც მოპირკეთებული იყო შირიმის თლილი ფილებით. 1476 და 1495 წლებს შუა ძლიერ დაზიანდა და აღდგენილ იქნა (კედლის დანგრეული ნაწილი და გუმბათი ყელითურთ): ცნობა ამის შესახებ შემოგვინახა ქართლის ცხოვრების. ანასეული ნუსხის გადამწერმა თავის ანდერძში: „ადიდენ ღმერთმან და დაამყარენ ორთავე ცხორებათა შინა პატრონნი: დედოფალთა დედოფალი ნესტან-დარეჯან და ძე მათი მეფე ალექსანდრე და დედოფალი ანა... ალავერდი წარტყუენულ იყო წარმართთაგან, რომელ სხუათა მეფეთა ვერ ხელ ეყო განწმენდად და აღშენებად; ამათ აღაშენეს და განწმინდეს ყოვლისაგან ღუარძლისა, აღაშენნეს ცაი და გუმბათი და სამხრონი ... და აღავსო სიწმიდეთა მიერ პატიოსანთა ნაწილთა წმიდათათა, წმიდათა ხატთა და სიწმიდისა სამსახურებელთა... შესწირნა მრავალნი გლეხნი სამსახურებელად წმიდისა გიორგისა... „ და სხვა (ცა აქ კამარას უნდა ნიშნავდეს, სამხრო - ტაძრის მკლავს);
ახლა იკონოსტასი მოხსნილია, ხოლო 1967 წელს, კედლების გაწმენდის შედეგად გამოჩნდა ძველი ფრესკების ნაწილი - ყველაზე მნიშვნელოვანი (აფსიდში) - XI საუკუნისა, აგრეთვე XV-XVI საუკუნეებისა (კონქსა და სამხრეთ მკლავში) და XVI-XVII საუკუნეებისა (დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე).
XVII-XVIII საუკუნეებში ალავერდში დაარსდა დედათა მონასტერი, რომელშიც ცხოვრობდნენ მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წეერები. აქ მოღვაწეობდნენ ქართველი მწიგნობარნი, კალიგრაფები, მწერლები.
ალავერდის გალავნის ფარგლებში კიდევ მოთაესებულია:
- ფეიქარ-ხანის სასახლე (ფეიქარ-ხანი ირანის შაჰის აბასის ნაცვალი იყო კახეთში 1616- 1623 წლებში): აგურის რვაკუთხა კიოსკი, მასზე მიშენებული დაბალი ოთხკუთხა შენობა და ყაზარმა.
- სატრაპეზო, მარანი, ესენიც სპარსთა ბატონობის დროინდელი, XVII საუკუნისა.
გალავნის გარეთ აბანოს შენობაა, აგრეთვე გვიანდელი. გალავანი უსწორო მოხაზულობისაა, ადგილმდებარეობასთან და არსებულ შენობებთან შეფარდებული და მრგვალი კოშკებით გამაგრებული (XVII-XVIII საუკუნეებისა).
ეკლესიის გარეთა ზომებია (მინაშენთა გარეშე): 25,20 x 41,0 მ., სიმაღლე შიგნით, უგუმბათოდ (კამარებამდე) - 23,0 მეტრამდე, გუმბათიანად - 42,5 მეტრამდე, გარედან 51,5 მეტრამდე.
ძეგლი რამდენიმეჯერ ჩამოინგრა, განსაკუთრებით საგრძნობლად 1742 წლის მიწისძვრის დროს, და კვლავ აღადგინეს („ქართლის ცხოვრების“ სხვადასხვა ტექსტში და საბუთებში ალავერდის გაძარცვის, დაზიანებისა და აღდგენა-განახლების შესახებ ბევრი ცნობაა, „ახალი ქართლის ცხოვრება“ აღნიშნავს მის შემუსრვას შაჰ-აბასის მიერაც).
XIX საუკუნის ორმოციან წლებში რუსულმა საეკლესიო ხელისუფლებამ ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს არსებული სტოები მოსპო. შიგნით კედლები შეათეთრეს და ძველი ფრესკები დაფარეს. აღმართეს უზარმაზარი იკონოსტასი, რომელიც საკურთხეველს ძირითადი სივრცისგან თიშავდა და ძალიან უშლიდა ინტერიერის ნამდვილი მასშტაბისა და პროპორციების სწორ აღქმას.
არქიტექტურა
გეგმის საფუძველს, ისევე როგორც ოშკისა და ქუთაისში, ალავერდშიაც ტრიკონქი წარმოადგენს. მაგრამ აქ სამივე აფსიდი გარე კედლების სწორკუთხედშია მოქცეული. ჯვრის სახე მიწის დონეზე კი არ ისახება, არამედ სივრცეში იქმნება შენობის მასებით, როდორც ეს არაერთხელ გვხვდება წრომის ტაძრიდან მოყოლებული. აფსიდები ერთმანეთს მიუახლოვდა და მძლავრ გუმბათქვეშა ბოძებს მიებჯინა. სადიაკვნე და სამკვეთლოც აფსიდებიანია, მაღალი თაღოვანი გასასვლელებით დაკავშირებული მთავარ სივრცესთან. დასავლეთის მკლავის გარშემო სამმხრივი პატრონიკეა, მისი სამხრეთი და ჩრდილოეთი მონაკვეთები ნამდვილ დარბაზებს წარმოადგენს (პარტონიკეზე ასასვლელი ტაძრის დასავლეთი შესასვლელის მარცხნივ არის, ჩრდილოეთ კედელში). დროთა განმავლობაში აქ ზოგი რამ შეიცვალა: პატრონიკეს ჩრდილოეთი დარბაზი ყრუ კედლით გამოთიშეს დასავლეთი მკლავისაგან, სამხრეთი დარბაზის თაღები კი (დასავლეთ მკლავთან დაკავშირებული) ამოაშენეს და ოთხი ღია თაღის ნაცვლად მხოლოდ სამრეკლოები დატოვეს; არსებითად პატრონიკეს ეს ნაწილიც გამოეთიშა ტაძრის ინტერიერს. თითქმის აღარ გადარჩენილა კედლების მოხატულობა (მხოლოდ საკურთხევლისა და სამხრეთ მკლავში გაიხსნა ძველი ფრესკების ნაწილები) და მის ნაცვლად შეთეთრებული სიბრტყეებიღაა. ეს ყველაფერი ცხადია ვნებს საერთო სურათს. და მაინც, ტაძრის სიდა სივრცე უძლიერეს შთაბეჭდილებას ტოვებს. შეიძლება ითქვას, რომ ინტერიერის გრანდიოზულობით ალავერდის ტაძარს, რომელიც ყველაზე მაღალია საქართველოში (შიგნით გუმბათის წვერამდე დაახლ. 45 მეტრია), ვერც ერთი ქართული ძეგლი ვერ შეედრება; მნიშვნელობა აქვს არა მარტო სიმაღლეს, არამედ ძირითად ნაწილთა ურთიერთშეფარდებასაც: სივრცე კომპაქტურია, მთლიანი, მძლავრად აზიდული და, იმავე დროს, მასიური ბოძებისა და კედელ-კამარათა დიდი სიბრტყეების წყალობით, ძალიან მატერიალური, სოლიდური; იგი ურყევი ძალის შთაბეჭდილებას ქმნის. ხუროთმოძღვრული ფორმები მსხვილია, განზოგადოებული. ბაზისები - დაბალი და მარტივი (თარო-ლილვი), ასევე სვეტისთავებიც - ორი ლილვითა და მათ ქვეშ ჩამწკრივებული, თითქმის მათზე დაკიდული ნახევარდისკოებით.
ინტერიერი უხვად არის განათებული გუმბათის ყელის 16 სარკმლით (თავდაპირველად სარკმელების რაოდენობა ნაკლები იქნებოდა) და ოთხი მკლავის სამ-სამი დიდი, ერთ დონეზე განლაგებული სარკმლით. სხვა სარკმელების მნიშვნელობა ნაკლებია.
ალავედრის ტაძარმა, რომელიც გარედანაც და შიგნიდანაც მთლიანად მოპირკეთებულია (მეორეხარისხოვან სადგომთა გარდა) ნახვრეტიანი ტუფის, ე.წ. შირიმის ფილებით (თავდაპირველად ფასადები შეთეთრებული არ იყო), გარედანაც განიცადა ზოგი ცვლილება: მას სამხრივ სტოა-გალერეა უვლიდა; ახლა გადარჩენილია მხოლოდ მისი დასავლეთი ნაწილი; კედლების დაზიანებული ნაწილები აგურითაა აღდგენილი; მთელი თექვსმეტსარკმლიანი გუმბათის ყელი (და გუმბათქვესა თაღებიც), აგრეთვე აგურისაა, ხელმეორედაა აშენებული XV საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში (მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ თავისი სიდიდითა და პროპორციებით შეესატყვისება თავდაპირველს).
ტაძრის გარეთა მასები სავსებით დასრულებული სახით წარმოგვიდგენს „ჩხაზული ჯვრის“ ტიპის ქართული ტაძრის ფორმულას, რომელიც ამიერიდან კანონიკურად იქცევა და მომდვენო საუკუნეებში, არსებითად, უცვლელი დარჩება (ცალკეულ „გადახვევათა“ გამოკლებით); წაგრძელებულ სწორკუთხედში ჩაკეტილი გეგმა, ოთხი, ოთხკალთიანი სახურავით გადახურული, მკლავის მიერ სივრცეში გამოსახული ჯვრის ფორმა, მკლავების გადაკვეთაზე აღმართული მაღალი გუმბათის ყელი, კუთხეებში კი ცალფერდ გადახურული უფრო დაბალი ნაწილები. ოთხივე მკლავი თითო ფრონტონით არის დასრულებული.
ტაძარი გარედან არანაკლებ გრანდიოზულ შთბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე შიგნით. აქ განსაკუთრებით იგრძნობა კახური ძეგლების დამახასიათებრლი ტენდენცია, რომელიც გვიან ფეოდალურ ხანაში კიდევ უფრო მკვეთრად იჩენს თავს - პროპორციების აზიდულობა, ვერტიკალის ხაზგასმა.
კახეთის ნაგებობათა ასევე დამახასიათებელი თვისებაა ქვაზე ნაკვეთი ჩუქურთმების უქონლობა - აქაური საშენი მასალა ჩუქურთმის კვეთის საშუალებას არ იძლევა. მიუხდავად ამისა, ხუროთმოძღვარი მთლიანად იყენებს ფასადით დეკორაციული დანაწევრების ამ დროისთვის შემუშავებულ პროგრამას და ზოგი ახალი ელემენტითაც ამდიდრებს მას.
უპირველეს ყოვლისა ეს არის აღმოსავლეთი ფასადის ხუთთაღედი ორი ღრმა ნიშით. მაგრამ შუა, მაღლ თაღს ერთსა და მეორე მხარეს ებმის ორ დონეზე შემოხაზული დამატებითი თაღები, ხოლო მის ქვეშ, ე.ი. მთავარი სარკმლის თავზე, ლილვებით გამოყვანილი მაღალი ჯვარი გაჩნდა. ამ დეკორაციული თაღების „ქსელში“ განლაგებულია, სრულიად სიმეტრიულად, ყოველგვარ სამკაულს მოკლებული სარკმლები: სამი სარკმელი საკურთხევლისა, სამივე ერთ დონეზე (ორი მათგანი ნიშებშია) ორ-ორი - ორ დონეზე, მაგრამ არა ერთ ღერძზე - საკურთხევლის მეზობელი სათავსოებისა.
დეკორაციული თაღების სიტემა, ისევე როგორც ბაგრატის ტაძრის ფასადებზე, აქაც არ იფარგლება მხოლოდ საკურთხევლის ფასადით, არამედ სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებსაც მოიცავს. ახლა აქ სურათის მთლიანობა დარღვეულია, რაკი სტოა-გალერეების დანგრევის შემდეგ ფასადთა დასავლეთ ნახევრებში ჩვენ ვხედავთ იმას, რაც წინათ ფასადებს კი არ ეკუთვნოდა, არამედ გალერეის ინტერიერში იმალებოდა; მაგრამ შერჩენილია სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავებისა და ფასადთა აღმოსავლეთ მონაკვეთთა დამუშავება. თუ ამ მონაკვეთებზე დეკორაციული თაღების თნაბარი, მშვიდი რიტმია, მკლავების საფასადო სიბრტყეებზე, ფრონტონის ქვეშ, ხუროთმოძღვარი ნამდვილ დეკორაციულ ფანტაზიებს ქმნის: აქ სამი ერთნაირი მაღლი სარკმელია ერთ ხაზზე, მათ ზემოთ და ქვემოთ კი, სამ დონეზე, სხვადასხვა ზომის თაღების განსხვავებული რიტმი იქმნება. გუმბათის ყელი, თუმცა კი, როგორც ითქვა, თავისი ზომითა და პროპორციებით სავსებით ეგუება ტაძრის მთლიან სახეს, დამუშავების მხრივ, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. ეს უპირველესად ეხება მის დანაწევრებას. თავდაპირველად, უეჭველია, აქ 16 სარკმელი კი არ იქნებოდა, არამედ არა უმეტეს თორმეტისა, ე.ი. გუმბათის ყელის ზედაპირი ნაკლებად იყო დაქუცმაცებული; აგურის წყობით გამოყვანილი დეკორაციული ელემენტებიც უცხოა XI საუკუნისათვის და ტიპური გვიანი ხანისთვის.
ბაგრატის ტაძარი და ალავერდის კათედრალი უკანასკნელი ტრიქონქებია საქართველოში.
თქმულება ალავერდის ტაძარზე
კახეთში, ალავერდის ჭალაში ცხოვრობდა ერთი წმიდა ბერი, იოსებ ალავერდელი. იმ დროსვე ცხრაკარაში (წოვა და ჩაღმა-თუშების საზღვარზე) ერთი მთის ქედზე სასახლე ჰქონია ნაღარა-ხანს. სასახლის გასწვრივ მეორე მთის კალთაზე არის გუმბათიანი ქვითკირის ეკლესია ნათლისმცემლის სახელზე, სადაც თამარ მეფის სახეა გამოსახული.
ეს ნაღარა-ხანი ერთხელ სანადიროდ წასულა, გაუშვია მიმინო. მიმინო გამოეკიდა ერთ ხოხობს. ხოხობი გაექანა და ბერს შეეფარა კალთაში. მიმინო შემოჯდა ხეზე და იქიდან დაუწყო ლოდინი თავის მსხვერპლს.
ნაღარა-ხანი მივიდა ბერთან და, როგორ თუ გაბედე ხოხბის შეფარებაო, იშიშვლა მახვილი მოსაკლავად. მაგრამ მოღერებული ხელი იმწამსვე გაუშეშდა. ხანმა რომ ეს სასწაული დაინახა, შეევედრა ბერს, ხელი განმიკურნე და რასაც მთხოვ, მოგცემო. ბერმა ლოცვის ძალით განკურნა ხანი და სამაგიეროდ ერთი ფიცრის ეკლესიის აშენება სთხოვა. ხანმა შეუსრულა ბერს ეს თხოვნა. ასე აშენდა ალავერდში ეკლესია წმიდა გიორგის სახელზე.
ეკლესიის ეზოში ხშირად თამაშობდნენ, ჭიდაობდნენ და ძიძგილაობდნენ ყმაწვილები. ერთი მათგანი ყოველთვის დამარცხებული გამოდიოდა და, რომ ვერას გზით ვერ გაიმარჯვა, ასეთი ხერხი მოიგონა: მოსწვა ერბო-კვერცხი და მიიტანა ეკლესიის კარებთან, წმიდა გიორგის მიართვა ძღვნად: ღონე მომეცი და გამამარჯვებინეო... ამ დროს ეკლესიაზე მდიდარმა ბერძნის ვაჭრებმა ჩამოიარეს და, როცა საყდრის კარებთან ერბო-კვერცხი დაინახეს, ჩამოხდნენ ცხენებიდან, დასხდნენ და შეექცნენ. ჭამა რომ მოამთავრეს, ადგნენ და გაუდგნენ გზას. გზაში ყველანი ავად გახდნენ. მობრუნდნენ ვაჭრები ბერთან, უამბეს ყველაფერი და იკითხეს მიზეზი. ბერმა წმიდა გიორგის წყრომას მიაწერა მათი ავადმყოფობა. ვაჭრებმა აღთქმა დადეს, თუ მოვრჩებით, დიდ ტაძარს ავაშენებთ და შევამკობთო. მართლაც, ყველანი განიკურნენ, დაბრუნდნენ და აღასრულეს თავისი აღთქმა – ააშენეს ეს ახლანდელი ალავერდის ტაძარი...
ამაზეა გამოთქმული ქართული ანდაზა: „წმიდა გიორგის ერბო-კვერცხი არავის შერჩებაო“. ალავერდის დასავლეთის შესავალ კარის თავზე მოთამაშე ყმაწვილებია დახატული...
წყარო
- ბერიძე, ვ. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია / ვახტანგ ბერიძე; რედ. დიმიტრი თუმანიშვილი ; საქ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინ., გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნ. ცენტრი. - თბილისი : გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნ. ცენტრი, 2014.
- მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის