ჯორჯაძე ბარბარე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:42, 25 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯორჯაძე ბარბარე – (1833 – 1895), პუბლიცისტი, მწერალი და პოეტი. ნამდვილი გვარი – ერისთავი. რაფიელ ერისთავის და. დაიბადა სოფელ ქისტაურში (ახმეტა). ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1858 წლიდან ჟურნალ „ცისკარში”. „მამებისა და შვილების” ბრძოლაში მამების პოზიციას იცავდა. მოგვიანებით ქართველ სამოციანელთა შეხედულებებიც გაიზიარა (ლექსი „გაზაფხული” და სხვა.) წერდა ლექსებს, მოთხრობებს, პუბლიცისტურ წერილებს. მისი პოეზია გამსჭვალულია მოქალაქეობრივი ტკივილით, სამშობლოს სიყვარულით („ლენქორანი”, „მოჩვენება”), ჩაგრულთა თანაგრძნობით („თედორეს საჩივარი”), უსამართლო მოხელეთა სიძულვილით („გამომძიებელს”, „რას იბღინძები”) და სხვა. მან ერთ წიგნად შეკრა და შთამომავლობას გადასცა ქართული სამზარეულოს მთელი საგანძური.
- კაცებს
- მიკვირს, გულში რათ ჩაგეჭრათ,
- კაცთ ქალების მეშურნობა?
- როგორც ნივთი დაგი პყრივართ
- და არა გაქვთ ჩვენი ნდობა.
- სულ გვძრახავთ და გვაძაგებთ,
- არც ჭკუა აქვთ, არც გრძნობაო,
- რა ესმით, რას გააგონებთ,
- რომ არა აქვთ გონებაო.
- ქალმა გიხსნათ სატანჯველით,
- შეგაერთათ ზეცის ძალსა,
- გაგიბრწყინდათ ბნელი ნათლით,
- რომ იაროთ გზას უვალსა.
- დაცემულნი აღგადგინათ
- და იტვირთა თვით ძე ღვთისა,
- რომ სამოთხე კვლავ გეპოვნათ
- და მოესპო წყევა ისა.
- ქალი იყო წმინდა ნინო,
- რომ კერპობა დაარღვია,
- ქრისტეს მცნება დაგვიდგინა
- და ხელთ იპყრო ივერია.
- თამარ მეფე, გმირთა-გმირი,
- ქართველთ სახელის მომფენი,
- ვინც განჰკურნა ქვეყნის ჭირი
- და ადიდა ჩვენი ძენი.
- მრავლის ტანჯვის მიმღებელი,
- ის ქეთევან დედოფალი,
- ვით დაიცვა ქრისტეს რჯული
- და ეწამა ტურფა ქალი.
- ხომ ასეა და რათ გვჩაგრავთ,
- რათ გვაყენებთ ამდენს ვნებას?
- ძალის-ძალით თვალებს გვიხვევთ
- და ცდილობთ ჩვენს დამუნჯებას.
- მშობელს დედას, ცოლს და ასულს,
- ასე როგორ დაამდაბლებთ?
- ცბიერათ ხდით, უწუხებთ სულს,
- ბოროტებას მუდამ სწამებთ.
- მათ სიტურფეს ჯადოთსახავთ,
- მაშ თქვენ რაღათა ტყუვდებით?
- რაკი კეკლუც ქალსა ნახავთ,
- გადირევით, შეიშლებით.
- დარწმუნდით, რომ ამხანაგათ
- შევქნილვართ და უნდა ვიყოთ,
- მაშ აღგვზარდეთ ზნითაც კარგათ,
- რომ ყოველ მხრით სრულნი ვიყოთ.