ედიშერაშვილი ნორა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:47, 1 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ედიშერაშვილი ნორა – (1936), პოეტი. დაიბადა სოფელ ხოვლეში (კასპი); 1984 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. პროფესიით არის სწავლული აგრონომიდა ჟურნალისტი. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა კასპის რაიონულ გაზეთში 1961 წელს, სხვადასხვა წლებში იბეჭდებოდა რესპუბლიკურ პრესაში: „ახალგაზრდა კომუნისტი”, „სოფლის ცხოვრება”, „ქალთა გაზეთი”, გორის, კასპის, გაგრის, ყაზბეგის რაიონული, აფხაზეთის (1978), აჭარის (1983) ავტონომიური რესპუბლიკების ცენტრალური, გაზეთებში, „ლიტერატურულ საქართველოში” ( 1998, 2000, 2002), „ქართული სიტყვაში” (2010). მისი ლექსები შეტანილია კრებულში „კასპელთა პოეზია”, ქართული ქრისტიანული პოეზიის მე-2 და მე-3 ტომებში; თანამედროვე ქართული პოეზიის „მზის არილის” მე-11 და მე-15 ტომებში, ალმანახ „ქართლში”.
- მოლაღური
- (ომარ კელაპტრიშვილის ხსოვნას)
- კაბადონზე მთვარე გაშლის დიადემას,
- წაიშლება ღამის ბნელი ყიამეთი...
- კავთისხევი ნათლის სვეტით დიადდება,
- სულს განაბავს რულდაკრული თრიალეთი...
- ცის გუმბათზე მოფრინდება მოლაღური...
- ლერწმის ტკბილი სალამური ამღერდება...
- მგალობელი... უფლის ხელით მონათლული
- იმ ჰანგებით არასოდეს დაბერდება...
- ზეფირს მიაქვს ხმები ტკბილი, ახლობელი...
- შეიხსნება ღრუბლის ლეგა ყაბალახი...
- დგას ირემი ჰანგის დიდი მწყალობელი;
- მთიდან ბარში ჩამოსული საბალახოდ...
- ჩამომარცვლის როცა ღამე მძივებს გიშრის,
- და ფრთოსნებიც თვალებს მილულავენ მძინარს
- ვაჰმე... იმ მგალობელ ომარ კელაპტრიშვილს
- სალამურით მკერდზე პანთეონში სძინავს..