ჩვეულებრივი დუმასოკო
ჩვეულებრივი დუმასოკო (ლათ. Suillus luteus (L.:Fr.) S.F. Gray. რუს. Масленок обыкнавенный)
ქუდი – 3-10 სმ დიამეტრისაა; ჯერ ამობურცულია, შემდეგ – თითქმის ბრტყელი, შუაში ბორცვაკით; ლორწოვანია, როდესაც მშრალია, პრიალა მუქშოკოლადისფერია, იშვიათად კი – მოყვითალო-ყავისფერი, ზოგჯერ იისფერი გადაჰკრავს ჰიმენოფორი ყვითელია, შემდეგ უფერულდება ყვითლამდე ან მონაცრისფრო-ყვითლამდე. ფორები შეზრდილი, მომრგვალოა. ნორჩობაში დაფარულია თეთრი აფსკით. ფორების შრე ადვილად სცილდება ქუდის რბილობს. ფეხი – 3-10X1-2 სმ, ცილინდრული, მთლიანი, ნორჩობაში შეერთებულია ქუდის კიდესთან თეთრი აფსკით (კერძო საბურველი), რომელიც შემდეგ სკდება და რჩება ფეხზე; საყელოს სახით. ფეხი საყელოს ზემოთ თეთრია, ქვემოთ კი – ღია ყვითელი, მარცვლოვანი და დაწინწკლულია. საყელო განიერია, აპკისებრი, ჯერ თეთრია, შემდეგ მუქდება და აქვს იისფერი ელფერი.
რბილობი – მოთეთროა ან მოყვითალო, ხილის სასიამოვნო სუნით, განსაკუთრებული გემოს გარეშე. გადატეხისას ფერს არ იცვლის. კანი ადვილად სცილდება რბილობს.
სპორები – ელიფსისებურია და მოყვითალო, 6-10X3-3,5 მკმ.
იზრდება ნიადაგზე ფიჭვნარებში გაზაფხულობით და შემოდგომით, საქართველოში ყველგანაა, განსაკუთრებით – ზედა ზონაში. გამოიყენება საჭმელად ახალი და დამუჟუჟებული.