ნაცარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნაცარა (ლათ. Lactarius flexsuosus (Fr.). რუს. Серушка)
ქუდი – 10 სმ-მდე დიამეტრისაა, ჯერ ამობურცულია, შემდეგ – ძაბრივით ჩაღრმავებული, ტიტველი ზედაპირით ნაცრისფერ-ტყვიისფერია ან ყავისფერ-ნაცრისფერი, უფრო მუქი კონცენტრული ზოლებით. ფირფიტები მოყვითალოა.
ფეხი – 4-8 სმ სიგრძისა და 1-2 სმ სისქისაა, ცილინდრული, ძირში უფრო წვრილი, სიგრძივ დაღარული, ქუდისფერია.
რბილობი – თეთრია, გამოყოფს ცხარე, თეთრ, რძისმაგვარ სითხეს.
სპორები – სფეროსებრია, ხორკლიანი ზედაპირით, მოყვითალო, 6-8 მკმ დიამეტრისა. სპორების მტვერი ყვითელია.
იზრდება ნიადაგზე წიფლნარებში და შერეულ წიფლნარებში ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად მხოლოდ დამწნილებული, წინასწარ გათუთქვის შემდეგ.