კვარაცხელია გუჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვარაცხელია გუჩა – (1940 – 2021), ქართველი დრამატურგი, ენათმეცნიერი, პოეტი. დაიბადა თბილისში. 1963 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართველურ ენათა განყოფილება. წლების განმავლობაში მუშაობდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში და პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტში. 1999-2006 წლებში იყო თსუ-ს ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი; 2005 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი. გამოქვეყნებული აქვს 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და პოეტური კრებული „მართალთა და უღმრთოთა გზები” (2000).


სიტყვების მონატრება
კარგა ხანია,
ჩაილურის წყალი დალია,
მანძილს არ ვზომავთ
წყრთითა და ადლით,
აღარც ჩარექი, კოდი ვიცით,
აღარც ბათმანი,
მაგრამ დამთბარი
არის მაინც სხვაგვარი მადლით:
„სამი ურემი შეშა”,
„ტარო – ერთი ნალია”,
„კვერცხი მარილი”,
„ორი აცმა ზაფრანის კოჭი”,
„სამ ნაბადს თავზე მოევლება
თორმეტმტკავლიანს”;
„ყოველ არშინზე თითო-თითო
დამაკლეს გოჯი”
და კიდევ ბევრი საწყაული
ძველი ქონების...
გრინვიჩის, სევრის
და მსოფლიო ეტალონების
არ მიფიქრია ათვალწუნება,
მაგრამ რა ვქნა, რომ
გული იხარებს,
თუ ვინმე იტყვის
ეპიკური დიდებულებით:
„მზე შუბის ტარზე გადაიხარა”.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები