ამაღლობელი რატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:02, 23 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამაღლობელი რატი – (1977), ქართველი პოეტი, დაიბადა თბილისში. 1994 წელს დაამთავრა თბილისის მეექვსე გერმანული გიმნაზია, 2000 წელს კი – თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტი. რატი ამაღლობელის ლექსები 1994 წლიდან პერიოდულად ქვეყნდება ქართულ და უცხოურ ლიტერატურულ გამოცემებში. იგი საქართველოს პენ-ცენტრის პრეზიდენტია 2011 წლიდან. 2010-2011 წლებში იყო ჟურნალ „ცხელი შოკოლადის” რედაქტორი. ატარებს ყოველკვირეულ ღია ლექციებს „წიგნის სახლში”. 2005-2010 წლებში იყო საზოგადოებრივი რადიოს ლიტერატურული გადაცემის, „ხმების ისტორია“, წამყვანი. გამოცემული აქვს კრებულები: „ზმნა” (2000)“, „თუ” (2003), „წრე” (2006), ლექსები (2011).
- * * *
- მივატოვე ბეთსაიდა
- შენთან მოვხვდი ვერსაიდან.
- გულო, ვიცი, სამსხვერპლოზე
- ისააკის ბედს აიტან.
- მივატოვე სამარია,
- მზის შობა და ცა-მარიამ.
- შუბლი ისევ გოლგოთაა,
- გული ისევ სამარეა.
- მივატოვე მეტანია,
- ბეთბაგე და ბეთანია,
- სამსხვერპლოზე ჩემი ბაღის
- სევდა ამომიტანია.
- მივატოვე ნაზარეთი
- ვით სნეულმა ლაზარეთი
- გზა გასამდა: მარიამით,
- მართათი და ლაზარეთი.
- მივატოვე, მომიტევე,
- შენთან როგორ მოვიდე მე.
- შენს მაცნეებს მაინც ვცნობდე,
- ღამეს შუბლთან რომ მითევენ.
- მივატოვე ბეთსაიდა,
- შენთან მოვხვდი ვერსაიდან.
- გულო, ვიცი გოლგოთაზე
- უკვე ჯვარცმულ
- ბედს აიტან.