მაჩაბელი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაჩაბელი ივანე — (1854 − 1898), ქართველი მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა სოფელ თამარაშენში. ბავშვობა უკიდურეს გაჭირვებაში გაატარა. 14-15 წლის ასაკში დაიწყო ლექსების წერას. საშუალო ცოდნა თბილისში, გიმნაზიაში მიიღო, გიმნაზიის კურსის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ კი, 1871 წელს, გაემგზავრა პეტერბურგში, ამ დროს იგი ბუნებისმეტყველებით იყო გატაცებული და სწორედ ამ დარგზე შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, თუმცა მალე იურიდიულ ფაკულტეტზეც დაიწყო სწავლა და ეს ორივე ფაკულტეტი წარმატებით დაასრულა. 1873 წლის ზაფხულში, ბანკის საქმეების გამო, პეტერბურგში ჩავიდა ილია ჭავჭავაძე, რომელიც ახლო ურთიერთობაში იყო ვასილ მაჩაბელთან. ივანე მაჩაბელმა ილიას გაუზიარა თავისი განზრახვა და სთხოვა ერთად ეთარგმნათ შექსპირი. 1873 წელს „კრებულის“ მეათე ნომერში დაიბეჭდა „მეფე ლირის“ პირველი მოქმედების თარგმანი.

1874 წელს ივანე მაჩაბელი სამშობლოში დაბრუნდა და იმავე წლის ბოლოს, აგრონომიულ მეცნიერებათა შესწავლის მიზნით, გაემგზავრა ოპენჰაიმის აკადემიაში (შტუტგარტის მახლობლად), სადაც ორი წელი დაჰყო. 1879 წელს იგი საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში და ლიტერატურულ-პუბლიცისტურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი. 1883 წელს იგი გაზეთ „დროების“ რედაქტორი ხდება. მაგრამ 1885 წელს სექტემბერში, გაზეთი დაიხურა მთავრობის მიერ, მეფის ხელისუფლების საწინააღმდეგო წერილების სისტემატურად ბეჭდვის გამო, გაზეთის რედაქტორი კი პასუხისგებაში მისცეს და სამუდამოდ აუკრძალეს რაიმე გამოცემის რედაქტორობა.

1897 წელს მაისში ივანე მაჩაბელი მძიმე ავად გახდა ჩირქოვანი პლევრიტით. 1898 წლის 26 ივნისს ქალაქში ხმა დაირხა ივანე მაჩაბლის უგზოუკვლოდ დაკარგვის შესახებ. შექსპირის ტრაგედიების ბრწყინვალე თარგმანებმა ივანე მაჩაბელს ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ეს იყო ახალი სიტყვა ქართულ მხატვრულ მთარგმნელობით ლიტერატურაში. ივანე მაჩაბელმა თარგმნა: „ჰამლეტი” (1886), „ოტელო” (1888), „მაკბეტი” (1892), „რიჩარდ III” (1893), „იულიუს კეისარი” (1896), „ანტონიო და კლეოპატრა” (1898) და „კორიოლანოსი” (1898). ცნობილია, აგრეთვე, ივანე მაჩაბლის ვრცელი ლექსი „ოცნება”, რომელიც 1879 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „ივერიაში”.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები