ორბელიანი გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ ორბელიანი

ორბელიანი გრიგოლ − (1804 − 1883), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. დაიბადა თბილისში, დიდგვაროვანი ფეოდალის ოჯახში, იყო ერეკლე II შვილიშვილის შვილი. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ საარტილერიო სკოლაში. მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში ლეკების წინააღმდეგ (1822-30), რუსეთ-ირანის (1826-27) და რუსეთ-თურქეთის (1828-29) ომებში. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. განთავისუფლების შემდეგ, 1859 წლიდან, თბილისში მთავარმართებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. პროგრესული საზოგადოება დიდად აფასებდა გრ. ორბელიანს, როგორც საზოგადო მოღვაწეს. იგი ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. პოეტმა სამშობლოს წარსულს, მის აღუდგენელ ბრწყინვალებას მიუძღვნა „იარალის” (1832), „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში” (1877). თავის ძირითად თხზულებაში, ლირიკულ-რომანტიკულ პოემაში „სადღეგრძელო” (1827-1870) გრ. ორბელიანმა გააცოცხლა სამშობლოს მოჭირნახულე, დიდებითა და ბრწყინვალებით მოსილ ისტორიულ გმირთა სახეები; იგი რამდენიმე მუხამბაზური ლექსისა („მუხამბაზი” - 1829; 1833; 1835). პოეტს ნათარგმნი აქვს ჟუკოვსკის, კრილოვის, ლერმონტოვის თხზულებანი; შექმნა ლექსები ა.ს. პუშკინის მიხედვით.


მუხამბაზი (ფრაგმენტი)
რტო ალვისა, შენი წელი მგონია,
მაგ წელზედა ცისარტყელა მგონია,
ეგ თვალები − ცაში ელვა მგონია.
ვარდის სუნთქვა − შენი სუნთქვა მგონია.
როს მეღირსოს, ვჰსთქვა: „გეთაყვა, ჩემი ხარ!”
გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
ათი გზა მაქვს, ათივე შენკენ მოდის!
ფიქრები მაქვს, წინ შენი სახე მოდის!
მინდა რამ ვჰსთქვა − შენი სახელი მოდის!
ჩემს გულში რა ამბებია, რა მოდის?
ერთხელ მაინც მკითხე: „აგრე რათა ხარ?”
გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
ორთაჭალის ბაღში მნახე, ვინა ვარ,
დარდიმანდის ლხინში მნახე, ვინა ვარ!
ჯამით ტოლუმბაში მნახე, ვინა ვარ!
აბა მუშტის კრივში მნახე, ვინა ვარ! −
მაშინ შეგიყვარდე, სთქვა: „ძვირფასი ხარ!”
გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები