დიატომიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:03, 2 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დიატომიტი (კიზელგური) (ბერძ. diatomē გაკვეთა) – ინფუზორიული მიწა, მოთეთრო ან მოყვითალო ცარცისმაგვარი ფოროვანი, მსუბუქი დანალექი ქანი. შეიცავს კვარცის, გლაუკონიტის, თიხის მინარევებს. წარმოიქმნება ზღვისა და ტბის აუზებში დალექილი დიატომეებიანი შლამისაგან. იყენებენ ადსორბენტად და ფილტრად ნავთობქიმიური, საფეიქრო, კვების მრეწველობის, აგრეთვე ანტიბიოტიკების, ქაღალდის, პლასტსმასებისა და საღებავების წარმოებაში, ლითონისა და მარმარილოს საპრიალებელი პასტების დასამზადებლად და სხვ. საქართველოში არსებობს ქისათიბის დიატომიტის საბადო (ახალციხის მუნიციპალიტეტი).
