ანდღულაძე დავით
დავით ანდღულაძე - (3. X. 1895, სოფელი ბახვი. ოზურგეთის რაიონი, – 29. XI. 1973, თბილისი), ქართველი მომღერალი (დრამატული ტენორი), სსრკ სახალხო არტისტი (1950), სსრკ (1947) და ზ. ფალიაშვილის სახელობის (1973) პრემიების ლაურეატი.
1925 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფესორ ე. ვრონსკის კლასი). 1926-იდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. 1927-29 მოსკოვის კ. სტანისლავსკის და ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუსიკალური თეატრის სოლისტი. 1933-35 სსრკ დიდი თეატრის სოლისტი იყო. 1935-იდან კი კვლავ თბილისს დაუბრუნდა. პარტიებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია აბესალომი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“), ტარიელი (შ. მშველიძის „ამბავი ტარიელისა“), კანიო (ლეონკავალოს „ჯამბაზები“), რადამესი (ვერდის „აიდა“), კავარადოსი (პუჩინის „ტოსკა“), დონ ხოზე (ბიზეს „კარმენი“), გერმანი (ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“), ოტელო (ვერდის „ოტელო“), მანრიკო (ვერდის „ტრუბადური“) და სხვა პარტიები.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
