რელიგია
რელიგია - „რელიგია არის გარკვეულ შეხედულებათა (რწმენათა), მოქმედებათა (კულტთა) და გრძნობათა ერთობლიობა. სიტყვა „რელიგია“ აღნიშნავს ზეციური ძალებისადმი რწმენას, ღმრთისმოსაობას, სალოცავს, კულტის საგანს“. წ მ. მამათა განმარტებით, რელიგია შინაარსით არის იმ დაკარგული კავშირის აღდგენა ღმერთსა და კაცს შორის, რომელიც სამოთხეში არსებობდა. ამ კავშირის აღდგენის გზების ძიებაში თვითნებურობამ წარმოშვა მრავალი რელიგია.
თანამედროვე მსოფლიოში 200-მდე რელიგია არსებობს, რომელთა კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნით ხდება. ასე მაგალითად: პრიმიტიული და ცივილიზებული, ქრისტიანული და არაქრისტიანული, მსოფლიო (ქრისტიანობა, ბუდიზმი და ისლამი) და ეთნიკური (ინდუიზმი, იუდაიზმი, დაოსიზმი, კონფუციზმი და ა.შ.), ჰუმანური და არაჰუმანური, ცრუ და ჭეშმარიტი (ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა მართლმადიდებლური ქრისტიანობა, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანობის ფუძემდებელმა - იესო ქრისტემ თავისი ჯვარზე გაკვრით შეარიგა ღმერთთან ცოდვებში ჩაფლული კაცობრიობა და აღადგინა ათასწლეულების წინ დაკარგული კავშირი ღმერთსა და კაცს შორის) მონოთეისტური და პოლითეისტური, თეისტური და ათეისტური (ათეისტურია ერთადერთი რელიგია - ბუდიზმი, სადაც ღმერთის ადგილი დაიკავა ადამიანმა), სატანისტური და პანთეისტური და ა.შ.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.