ფარსმანდუკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:01, 27 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Achilleea.PNG

ფარსმანდუკი - Achillea millefoliumю ფარსმანდუკს ქართლ-კახეთში, ფშავში მელაკუდას, მელისკუდას ექაიან: ქიზიყში - თავყვითელას; ხევსურეთში - ციცასკუდას; მთიულეთში- მელგუნდას, თუშეთში - წყლულის ბალახს; მესხეთში, ჯავახეთმი, აჭარაში - ყვავისკუდას, ყვავკუდას, ყვაკუდას, ჩიჩქვის ბალახს; რაჭაში, იმერეთში - კრავიკუდას, ქორიკუდას; ლეჩხუმში - თაგვიკუდას; საინგილოში - წყილი-ბალახს; სვანეთში - მეუღმურილს, მოხევეები კი მკერვალს, საჭრელას უწოდებენ.

ფარსმანდუკი მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახს. ფარსმანდუკი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მხოხავი ფესურით, ღერო დაუტოტველია, 20-40 სმ სიმაღლის, მცირე ფოთლიანი, შებუსული, მონაცრისფრო-მომწვანო; კენწრულ ნაწილში თავდება რთული ყვავილედით - ფარით, რომლის წვრილ ტოტებზე აქვს პატარა ყვავილედები, კალათები, რომლებიც მოგრძო-კვერცხისებრია, სიგრძით 3-4 მმ, 5-7 კიდური თეთრი ყვავილით, რომლის შუაშიც მოთავსებულია მილისებრი თეთრი ყვავილები. კალათას საფარველი წაგრძელებული, მომწვანო, სიფრიფანა ფოთლებისგანაა შედგენილი. ყვავილობს ივნისიდან-ოქტომბრამდე. ფარსმანდუკის ფოთოლი და ყვავილი შეიცავს ეთერზეთებს, რომლის რაოდენობაც 0,8 % მდეა, მასში არის ცინეოლი, კარლოფილლენი და სხვ. ფარსმანდუკი სურნელოვანი მცენარეა.

საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველგან, საძოვრებზე, მინდვრებში, ბუჩქნარებში, ტყეში, მედიცინაში გამოყენებულია სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. მცენარეთა დაცვაში გამოიყენება ნაყენი და ნახარში, რისთვისაც ყვავილობისას აგროვებენ ფარსმანდუკის მიწისზედა ნაწილებს. ნაყენის დასამზადებლად იღებენ კარგად გამომშრალ დაქუცმაცებულ ნედლეულს 800 გ რაოდენობით, 30-40 წუთის განმავლობაში მოთუთქავენ მდუღარე წყალში, შემდეგ უმატებენ 10 ლიტრ წყალს და აჩერებენ 36 48 საათს. გამოწურავენ და ათავსებენ კარგად თავდახურულ ჭურჭელში. ნახარშის დასამზადებლად იღებენ გამომშრალ ნედლეულისა და წყალს. იგივე შეფარდებით, რაც გათვალისწინებულია ნაყენის დამზადებისას, შემდეგ ადუღებენ 30 წუთის განმავლობაში, სწრაფად გამოწურავენ და ცხელს ათავსებენ ჰერმეტულად თავდახურულ ჭურჭელში. ორივე შემთხვევაში გამოყენების წინ უმატებენ 20 გ საპონს. ნაყენი და ნახარში გამოიყენება ბუგრების, ღილველას, აბლაბუდიანი ტკიპას წინააღმდეგ.


წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები