დოესის ყორღანი
დოესის ყორღანი - ყორღანი (დმ 20 მ, ყრილის სიმაღლე 1,5 მ) მდებარეობს დოესიდან ხოვლესაკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს. მისგან ორასიოდე მეტრზე, სოფლის სახნავ მიწებში. თარიღდება ადრინდელი ბრინჯაოს გვიანდელი საფეხურით.
სამარხი 1974 წელს გათხარა. ყორღანი წარმოადგენს მიწაყრილიან სამარხს, რომელსაც შემოვლებული აქვს უსისტემოდ ჩაყრილი რიყის ქვის „ჯავშანი“. ყრილის ქვეშ, ყორღანის ცენტრში მდებარეობს ფლეთილი ქვით მშრალი წყობით ნაგები სამარხი კამერა (1,6X1,1 მ). მიცვალებული დაკრძალულია მარცხენა გვერდზე ხელ-ფეხ მოკეცილი, თავით სამხრეთისაკენ. სამარხში აღმოჩნდა შავპრიალა ვარდისფერსარჩულიანი კერამიკის ორყურა ბადია და ტყავის ტანსაცმლის ნაშთები; გადახურვის თავზე კი კერამიკის ფრაგმენტები და ობსიდიანის ანატკეცები. მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში
წყარო
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა
- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი