ულიქუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:36, 4 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხეთური ტაროსის ღმერთი
(დაახ. ძვ.წ. 850 წ.), ბერლინის წინააზიური მუზეუმი

ულიქუმი(ხეთ.) ქვის ბრმა და ყრუ ურჩხული, ქუმარბის ნაშიერი, რომელიც მან ტაროსის ღმერთის თეშუბის საპირისპიროდ შექმნა. ულიქუმი ასე წარმოიშვა: ქუმარბიმ სიბრძნე ჩაიგროვა თავის გულში, სწრაფად წამოიმართა თავისი ტახტიდან, ხელთ კვერთხი იპყრა, ფეხზე ხამლების ნაცვლად სწრაფი ქარები ჩაიცვა. და გაემართა თავის ქალაქ ურქიშიდან. ცივ ტბას რომ მიადგა, იქ ერთი დიდი კლდე მოძებნა და შეეუღლა მას.

ხუთგზის და ათგზის შეუღლების შემდეგ ჩაისახა ბავშვი. ბედისწერის ქალღმერთებმა და ბებია-ქალღმერთებმა ამოიყვანეს კლდიდან ჩვილი და ქუმარბიმ მას მისი ამოცანის შესაფერი სახელი დაარქვა – ულიქუმი „ქუმიის შემმუსვრელი“: „ულიქუმი ერქვას მას! ავიდეს ცაში და დაამხოს ქუმია, სახელოვანი ქალაქი! დაამხოს თეშუბი, გააცამტვეროს! ფეხით გასრისოს, როგორც ჭიანჭველა!... ციდან გადმორეკოს ღმერთები ფრინველებივით! დალეწოს ისინი ცარიელი თეფშებივით!...“ ახლა ქუმარბი იმაზე ფიქრობს, თუ სად და როგორ გაზარდოს ულიქუმი, რომ ვერავინ ჰკრას თვალი: „ვის მივაბარო ჩემი შვილი? ვინ მიიღებს მას და ვინ წაიყვანს ბნელ მიწაზე? რომ მზის ღმერთმა და მთვარის ღმერთმა ვერ იხილონ იგი! თეშუბმა, ქუმიის ძლევამოსილმა მეფემ, ვერ იხილოს იგი და ვერ მოკლას! იშთარმა, ნინევიის დედოფალმა, ვერ იხილოს იგი, ვერ გადაამტვრიოს ხმელი ლერწამივით!..“ შემდეგ ქუმარბიმ შეჰყარა ირშირები (მცირე ღმერთები) და დაავალა მათ ქუმარბის წაყვანა ბნელ მიწაზე. იგი შესვეს უფელურის მხრებზე და ასე იზრდებოდა ქვის ბავშვი. წელამდე მას ზღვა სწვდება, თავით კი ცას ებჯინება. პირველმა, ღმერთებს შორის, ქვის ბავშვი, ულიქუმი, მზის ღმერთმა დაინახა და მიხვდა, რას უმზადებდა იგი თეშუბს და ესტუმრა მას გასაფრთხილებლად. მზის ღმერთს ტაბლას გაუწყობენ, მაგრამ ის პირს არაფერს აკარებს, სანამ ტაროსის ღმერთს ულიქუმის ამბავს არ შეატყობინებს. ახლაღა შეექცევა სასმელ-საჭმელს მზის ღმერთი და გასწევს თავისი ადგილისკენ. თეშუბი თავის ძმასთან თაშმიშუსთან ერთად გაემართება, რათა თავისი თვალით ნახოს ქვის ურჩხული – თავისი მეტოქე. მათთან ერთად გაემართა იშთარიც, მათი და. ხელი ხელს ჩაკიდეს და მთისკენ გაემართნენ. როცა თვალი ჰკიდა შემზარავ ლოდს, მეფე თეშუბს ბრაზი მოერია, დაჯდა მიწაზე და ცრემლად იღვრება. „ვინ აიტანს მის რისხვას? ვინ შეებრძოლება მას? ვინ გაუძლებს შიშს მის წინაშე?“ იშთარი ამხნევებს თეშუბს და გადაწყვეტს თავისი მომხიბლავი სიმღერით გული მოულბოს ქვის არსებას. იგი მღერის ზღვის პირას თავის ტკბილ სიმღერებს, მაგრამ ამაოდ! ულიქუმი ხომ ყრუა, არაფერი ესმის თავის გარშემო, ის ხომ ბრმაა, ვერაფერს ხედავს ირგვლივ! ულიქუმი იშთარის წინ იზრდება და მან უნდა გაასწროს, ვიდრე ქვის ურჩხულის თავის ქალა უზარმაზარი გახდებოდეს. იშთარმა შემოიძარცვა სამკაულები და მუსიკალურ საკრავებთან ერთად გადაყარა და, ამჯერად, ტირილით დაბრუნდა თეშუბთან. ახლა თეშუბი ძმას, თამშიშს, აგზავნის ულიქუმისთან საბრძოლველად. ჭექა-ქუხილის ღმერთი სასახლიდან გამოატანინებს ელვას, შეაკაზმინებს ეტლებს, ცაზე რომ გრუხუნით მიმოდიან, გამოიხმობს ქარიშხლის ღრუბლებს... ბრძოლაში სამოცდაათი ღმერთი ჩაება. მაგრამ ამასობაში ულიქუმი იმ ზომამდე გაიზარდა, რომ მისმა ჩრდილმა დაფარა თეშუბის სატახტო ქალაქი ქუმია, სადაც მისი ცოლი ხებათი, ავი წინათგრძნობით სავსე, ელის ბრძოლის ამბავს. ბოლოს, ის გამოდის სასახლის ბანზე და წინასწარმეტყველებს, რომ მის ქმარს მოუწევს ხელისუფლების დათმობა ცაზე, ვიდრე „განწესებული წლები არ ამოიწურება“. თაშმიშუ ურჩევს თავის ძმას, შემწეობა სთხოვოს ეას. ეა ჯერ ენლილთან მივა და, ბოლოს, უფელურისთან და ასე მიმართავს მას: „არაფერი შეგიტყვია, უფელური? ამბავი არავის მოუტანია? არ გაგიგია, როგორ იზრდება ქვის არსება, ქუმარბიმ რომ შექმნა? ქუმარბის თეშუბის სიკვდილი განუზრახავს, ულიქუმი მის მეტოქედ შეუქმნია.“ უფელუმიმ ასე მიუგო: „როცა ცა და მიწა ჩემზე დააშენეს, მაშინ არაფერი ვიცოდი. როცა ცა და მიწა საჭრეთელით განაშორეს ერთმანეთს, არც მაშინ არაფერი ვიცოდი. ახლა ვიღაც მაწვება მარჯვენა ბეჭზე, მაგრამ არ ვიცი, ვინ არის ეს ღმერთი“. როცა ეს მოისმინა ეამ, უფელური მარჯვენა მხარით შემოატრიალა და, რას ხედავს, მარჯვენა ბეჭზე უზარმაზარი ლოდი მახვილივით აღმართულიყო. მაშინ ეამ უბრძანა ძველ ღმერთებს, დაემზადებინათ ის იარაღი, რომლითაც ოდესღაც ცა და მიწა განაშორეს ერთმანეთს, რათა ასევე განეცალკევებინათ ქვა-ულიქუმი უფელურისგან, რომელზეც ის დასვეს და სადაც გაიზარდა. ასეც გააკეთეს ღმერთებმა: ულიქუმი მოაშორეს თავის საყრდენს, საიდანაც ის ძალას იკრეფდა და ახლა თეშუბს შეეძლო ორთაბრძოლაში ჩაბმულიყო მასთან.

საბოლოო ბრძოლის აღწერილობა შემონახული არ არის ხეთურ ტექსტებში, მაგრამ დაბეჯითებით უნდა ითქვას, რომ გამარჯვება თეშუბს, ჭექა-ქუხილის ძლევამოსილ ღმერთს დარჩებოდა, რათა კვლავინდებურად ექუხა ცაზე და წვიმით მოერწყო მიწა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები