დუქანი
დუქანი - სავაჭრო სახელოსნო ნაგებობა, რომლის სინონიმი უძველეს ქართულ ძეგლებში არის „საფარდული“ და „სამოსასყიდლო“, ამათთან ერთად, XI-XII სს. წერილობით ძეგლებში გვხვდება დუქნის შესატყვისი უცხოური ტერმინი „ქულბაქი“. დასავლეთ საქართველოში დუქნის მნიშვნელობით ტერმინი „ხულაც“ ყოფილა გავრცელებული. დუქნის შიგნით უშუალოდ მიმდინარეობდა სახელოსნო საქმიანობა, ხოლო მის წინპირზე გამოფენილი იყო სახელოსნო ნაწარმი და მათი რეალიზაციაც აქვე ხდებოდა.
არქიტექტურული თვალსაზრისით დუქნები სხვადასხვანაირი ფორმისა იყო: მაგ.: ორსართულიანი დუქანი, დუქანი-საცხოვრებლით, დუქანი დარაბებიანი და სხვა. დუქნები ზოგი ქვითკირისაგან იყო ნაგები, ზოგი კი ხისაგან. პირველი დამახასიათებელი იყო აღმოსავლეთის, ხოლო მეორე დასავლეთ საქართველოსათვის. ქალაქის დუქნები ერთი ქუჩის პირზე ჩარიგებულ შენობებს წარმოადგენდა და არქიტექტურული თვალსაზრისით საკმაოდ მოწესრიგებული იყო.
მოგვიანებით დუქანი ეწოდა სასადილოსაც.
ლიტერატურა
შ. მესხია, საისტორიო ძიებანი, ტ II, 1983. ე.ნ.