ხმაური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:07, 9 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხმაური – სხვადასხვა ფიზიკური ბუნების ხმამაღალი, უსიამოვრო, არასასურველი ხმა, რომელიც წარმოადგენს გარემოს (სპექტრული სტრუქტურის) უწესრიგო რხევებს. ის სხვადასხვა ინტენსივობისა და სიხშირის არაპერიოდული ბგერების ერთობლიობაა.

სპექტრის მიხედვით არსებობს სტაციონალური და არასტაციონალური;
სიხშირის მიხედვით – დაბალსიხშირული ( < 300 ჰც), საშუალოსიხშირული (300-800 ჰც) და მაღალსიხშირული (>800 ჰც);
ხანგრძლივობის მიხედვით – მუდმივი და ცვალებადი (რხევადი, წყვეტილი და იმპულსური);
წარმოშობის მიხედვით – მექანიკური, აეროდინამიკური, ჰიდრავლიკური და ელექტრომაგნიტური.

წარმოებებში ხმაურის წყაროდ აღიქმება ტექნიკური მექანიკური მოწყობილობები, სავენტილაციო სისტემები, ვიბრაციის გამომწვევი მანქანა-დანადგარები, კონვეიერები და სხვ., ხოლო ყოფა-ცხოვრებაში – საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტი, გასართობი მუსიკა, მშენებლობა, საგზაო და მიწის სამუშაოები და სხვ.

მაღალი ბგერითი დიაპაზონის ხმაური უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე – ანელებს სიგნალებზე რეაქციას, ღლის ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ცვლის სუნთქვისა და პულსის სიჩქარეს, არღვევს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, იწვევს ჰიპერტონიასა და სხვ.; ძალიან მაღალი დონის ხმაურმა შეიძლება გამოიწვიოს ყურის ბარაბნის აფსკის გაგლეჯა და ადამიანის სიკვდილიც კი. ამიტომ, საწარმოებში დიდი ყურადღება ექცევა ხმაურის უვნებელი დონის შენარჩუნებას, ან მომსახურეთა დაცვას ხმაურსაწინააღმდეგო ინდივიდუალური საშუალებებით.

ხმაურის დონის საზომი ერთეულია დეციბელი. ბგერის სიძლიერე დეციბელებში შემდეგია:
< 30 (ჩურჩული, საათის წიკწიკი და სხვ. – ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენას არ ახდენს);
35-40 (კარგად ისმის ჩუმი საუბარი);
41-50 (გამოკვეთილად ისმის საუბარი, სარეცხი მანქანის ხმა);
51-60 (ოფისი, მოსათმენი ხმაური);
70-80 (ქუჩა, მოსათმენი ხმაური, რომელიც ზოგჯერ გადადის შემაწუხებელ ხმაურში);
70-120 (ფაბრიკა, ქარხანა, წარმოება და მისთ., შემაწუხებელი ხმაური, რომელიც ზოგჯერ გადადის ძლიერ შემაწუხებელ ხმაურში);
>120 (გაუსაძლისი ხმაური, მაგ., რეაქტიული თვითმფრინავის სტარტი);
130-140 (ხმაური ტკივილის ზღვრამდე, მაგ., სირენა);
141-150 (ხმაური, რომელიც იწვევს შიდა ყურის ტრამვას, მაგ., როკკონცერტზე მაქსიმალური ხმა);
151-160 (იწვევს კონტუზიას);
161-170 (ხმაური, რომელიც იწვევს შოკს, ტრამვებს, ყურის აფსკის გაგლეჯას, მაგ., ყურთან ახლოს ზარბაზნის გასროლის ხმა);
171-180 (ფილტვების გაგლეჯა);
181-200 (ხმაური, რომელიც იწვევს სიკვდილს).

ხმაურის დონის გასაზომად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ხმაურსაზომები (მაგ., Testo, Casella, SVAN-959, Metrel MI 6301 FonS, CR-260, PCE-SC41; Октава, АТТ, Алгоритм-01, Экофизика-110А და სხვ.).

სარჩევი

აკუსტიკური ხმაური

ნებისმიერი წინასწარგანზრახული (მაგ., მუსიკა, ლაპარაკი) ან შემთხვევითი ბგერა აკუსტიკურ არეში. დამახასიათებელია კეთილმოუწყობელი სათავსებისათვის და ვრცელდება ექოს სახით.

დარტყმითი ხმაური

ხმაურის სახეობა, როდესაც შენობის კონსტრუქცია იღებს დარტყმას და ამ დროს გაჩენილი რხევები გადაეცემა კედლებსა და გადახურვებს. დარტყმითი ხმაური შეიძლება აღძრას იატაკზე მძიმე საგნის დავარდნამ, ავეჯის გადაადგილებამ, ნიბიჯებმა, კედელზე რაიმეს მირტყმამ და სხვ.

საჰაერო ხმაური

გარედან შემოსული ხმაური (თვითმფრინავის, ტრანსპორტის, მეტეოპირობების, ქუჩის). შენობის შიგნით საჰაერო ხმაური შეიძლება გაავრცელოს ხმამაღლა ლაპარაკმა, მუსიკამ, ძაღლის ყეფამ და სხვ.

სტრუქტურული ხმაური

ხმაური, რომელიც შენობის კონსტრუქციებს გადაეცემა მილების, ლიფტის შახტების, ცენტრალური გათბობის რადიატორებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების ვიბრაციით.

ხმაურისაგან დასაცავი საშუალებები

ხმაურის ჩამხშობები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა საერთო ტექნიკური ღონისძიებებით შეუძლებელია ხმაურის უსაფრთხო პარამეტრებამდე დაყვანა ან როცა მცირე ხნით სრულდება სამუშაოები გაძლიერებული ხმაურის პირობებში. ინდივიდუალური ჩამხშობებია:
1. წმინდა ბოჭკოსაგან დამზადებული რბილი საფენები, რომლებიც გარედან დაეფარება ყურის ნიჟარებს ან რეზინისაგან მომზადებული წაკვეთილი კონუსები, რომლებიც უნდა მოთავსდეს ყურის ნახვრეტებში;
2. საყურისები, რომლებიც შიგნიდან ამოგებულია რბილი მასალით და მჭიდროდ ეკვრის ყურებს თავზე გადატარებული რკალისებრი ზამბარის მეშვეობით. ასეთი საყურისები ყველაზე უფრო ეფექტურია მაღალი სიხშირის მქონე ხმაურისას;
3. სპეციალური მუზარადები, რომლებიც გამოიყენება 120 დბ-ზე მეტი ხმაურის დონის შემთხვევაში, რომლის დროსაც საფენები და საყურისები სათანადო ეფექტს არ იძლევა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები