საცეცხლური
საცეცხლური - სიმბოლურად დედა ეკლესიას განასახიერებს. ის არის ჭურჭელი, რომლითაც სასულიერნო პირნი აკმევენ საკმეველს. კმევა ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ტაძარში დააწესა ღმერთმა. წმიდა ტრაპეზისა და ხატების კმევა მათდამი მოკრძალებისა და პატივისცემის გამომხატველია. მლოცველთა კმევა გამოხატავს სურვილს, რომ მათი მხურვალე და გულწრფელი ლოცვა ისევე მსუბუქად აიჭრას ზეცისკენ, როგორც საცეცხლურის კვამლი. კმევისას მლოცველები ქედს იდრეკენ. საკმეველი ქრისტიანის შინაგანი ლოცვის სიმბოლოა, ხოლო ნახშირი - ჩვენი მართლმადიდებლური აღმსარებლობისა.
გადასატანი, ჯაჭვებზე ჩამობმული მცირე ზომის ღუმელი, რომელშიც ათავსებენ დანთებულ გუნდრუკს ლიტურგიული მსახურებისას.
საკმევლის ანთებისა და კმევის დროს საღმრთისმსახურო ჭურჭელი. ლითონის (ჩვეულებრივ - სპილენძის შენადნობი) პატარა თასი, რომელიც ჯვრის დაბოლოებიანი თავსახურითურთ სამ გრძელ ჯაჭვზეა დაკიდებული. მასში ათავსებენ გაღვივებულ ნახშირს, რომელსაც ზემოდან ადებენ საკმეველს. საკმეველი წვისას კეთილსურნელოვან კვამლს გამოყოფს. ღმრთისმსახურების გარკვეულ მომენტებში ხდება დიაკვნის ან მღვდლის მიერ გუნდრუკის კმევა ხატთა, ტაძრის სიწმინდეთა და მრევლის წინაშე საცეცხლურის საშუალებით. კმევისას გუნდრუკის (საკმევლის) კეთილსურნელება ნიშნავს ღმრთისადმი აღვლენილ ლოცვებსა და სულიწმინდის მადლს, რომელიც მლოცველთ ეფინება, საკმევლის სუნი არ უყვართ უწმინდურ ძალებს.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ..
- ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი