გარიტი ჟერარ
ჟერარ გარიტი – (1914-1990), ცნობილი ბელგიელი მეცნიერი, კლასიკური და აღმოსავლური, ისტორიულ-ფილოლოგიური მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული ხელნაწერი ტრადიციის უდიდესი მკვლევარია.
XX ს-ის 50-იანი წლებიდან იგი ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა ბერძნულ პალეოგრაფიას, ფილოსოფიასა და ბიზანტიის ისტორიას, თანამედროვე ბერძნულ, კოპტურ, არაბულ, სირიულ, ძველ ქართულ და კლასიკურ სომხურ ენებს. 1948 წლიდან ის სათავეში ედგა Corpus Scriptorum Christianorum Orientalium-ის სომხურ სერიას. 1946-1947 წწ-ში იგი აქვეყნებს პირველ ქართველოლოგიურ შრომებს. 1950 წელს ჟ. გარიტი კითხულობდა ლექციების კურსს ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც დაარსა სომხური ენისა და ლიტერატურის კათედრა, ხოლო 1962 წელს – ლუვენის უნივერსიტეტში ქართული ენისა და მწერლობის კათედრა. 1950 წელს იგი იყო ვაშინგტონის კონგრესის ბიბლიოთეკის მიერ იუნესკოს ხელშეკრულებით სინის მთასა და იერუსალიმში დაცული ხელნაწერების ფოტოასლების გადაღების ექპედიციის მეცნიერი კონსულტანტი. სწორედ ჟერარ გარიტის დამსახურებაა სინის მთის იმ დროისათვის ცნობილი სრული ქართული კოლექციის ფოტოარქივის შექმნა და ამ ხელნაწერი წიგნების ფართო სამეცნიერო მიმოქცევაში შეტანა. ჟერარ გარიტის მიერ შედგენილი სინის მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა Catalogue des manuscits georgiens litteraires du Mont Sinai დღემდე რჩება წერილობითი ძეგლების სამეცნიერო კატალოგიზაციის სანიმუშო შრომად, ხოლო მის მერ გამოქვეყნებული პალესტინურ-ქართული კალენდარი “Le calendrier palestino-georgien du Sinaiticus 34 (X siecles)“ ქრისტიანული მწერლობის ფუნდამენტური, ფართო ასპექტით შესწავლის ერთგვარ სახელმძღვანელოდ გვევლინება. ჟერარ გარიტის უდიდეს დამსახურებას წარმოადგენს ქართული წერილობითი ძეგლების, ხელნაწერი ტრადიციის ბერძნულ-პალესტინური მწერლობის კონტექსტში კვლევა, ქრისტიანული აღმოსავლეთის ხალხთა წვლილის წარმოჩენა ბიზანტიური ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში. მის სამეცნიერო პუბლიკაციათა ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს, გავიხსენებთ მხოლოდ მეცნიერის მიერ შუა საუკუნეების მთარგმნელობითი ტენდენციებისა და ლინგვისტურ-კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ ნაშრომს Traduttore traditiore, რომელშიც სრულად გამოვლინდა ჟ. გარიტის მიერ აღმოსავლურ ქრისტიანული წერილობითი კულტურის ისტორიის უზადო ცოდნა.