გარბანელი (ხუროთმოძღვარი)
გარბანელი – (IX ს.), ხუროთმოძღვარი, ზარზმის პირველი ეკლესიის მაშენებელი (სერაპიონ ზარზმელის თანამედროვე), მოხსენიებულია „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“: „იყვნეს ხუროთმოძღვარ და ზედამდგომელ საქმისა ამის გარბანელ და ორნი იგი ძმანი ...“. გარბანელი პირველად მაშინ შეხვდა სერაპიონს, როდესაც იგი სხვა ბერების თანხლებით მონასტრის ასაშენებლად ადგილს არჩევდა მდინარე ძინძეს ხეობის მიდამოებში. გარბანელი დაეხმარა დაქანცულ ბერებს და მათი მეგზურობა იკისრა. სერაპიონის სასწაულების ზეგავლენით გარბანელი მისივე ხელით მონაზვნად ეკურთხა და მასვე დაემოწაფა. გარბანელს და მის დამხმარეებს ზარზმის ეკლესიის მშენებლობისთვის 3 წელი დასჭირდათ. ეკლესიის ასაშენებლად მათ გამოიყენეს სოფელ უმწის დანგრეული ეკლესიის ქვები, რომელიც „იცნობიან ზოგნი რაიმე კუთხთა მიერ და კამარათა“. გარბანელის მიერ აშენებულ ეკლესიას ჩვენამდე არ მოუღწევია.
ლიტერატურა
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, ე. გაბიძაშვილის რედ., თბ., 2007;
- ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც. ტ. 1, თბ., 1963.