გიორგი X

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:07, 29 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი X (1560-1606), ქართლის მეფე (1600-1606), სიმონ I-ისა და დედოფალი ნესტან-დარეჯანის შვილი.

გ. X-ს ბატონიშვილობის პერიოდზე აისახა მისი მამის, სიმონ I-ის მძიმე ხვედრი. სიმონ I-ის ტყვეობითა და დედოფალ ნესტან-დარეჯანის ძმების (ელიმირზონ, ხოსრო-მირზა) სიკვდილით (1574) ისარგებლეს მეფის მოწინააღმდეგე ძალებმა დაუდ-ხანის წაქეზებით ბარძიმ ამილახვარი და ქსნის ერისთავი თავს დაესხნენ კავთისხევში მყოფ მეფის ოჯახს, მცირეწლოვან გიორგის, ნესტან-დარეჯანს „და წარიღეს ყოველივე საუნჯენი მეფისა და დედოფლისა“. ტყვეობიდან მობრუნებულმა სიმონმა ორივეს აზღვევინა დანაშაული. ქსნის ერისთავის მამულის ნაწილი უშუალოდ გიორგი ბატონიშვილს გადაეცა.

გიორგი ბატონიშვილი, სამეფო სადროშოს სარდალი, გმირი მამის მხარდამხარ იბრძოდა ქართლის ოსმალთაგან გასათავისუფლებლად. 1600 წ., როდესაც ოსმალებმა სიმონ I ნახიდურის ბრძოლაში ტყვედ ჩაიგდეს, გიორგი ბატონიშვილი ახლად გათავისუფლებული გორის დასაცავად იდგა. მხოლოდ მეორე დღეს შეიტყო სიმონის დატყვევება. გამოუდგა ოსმალებს, მაგრამ ვეღარ დაეწია. მისი ბრძანებითა და მოწოდებით სამეფო ხაზინამ, ეკლესია-მონასტრებმა და თავადებმა დიდძალი სიმდიდრე გაიღეს მეფის დასახსნელად. გიორგიმ თავისი ძე დავითიც გაგზავნა სტამბოლს მძევლად, მაგრამ იქ ჩასულ ქართველ დესპანებს სიმონ I გარდაცვლილი დახვდათ. სიმონის გამოსასყიდად შეკრებილი „ყოველნი საჭურჭლენი და საგანძურნი“ სულთანმა დაიტოვა. გორელი ვაჭარი დიაკვნიშვილი, რ-მაც სიმონ მეფის ნეშტი ჩამოასვენა საქართველოში, გ. X-მ გაააზატა და ჯვრის მონასტერს შესწირა.

1600 წ. გ. X მეფედ ეკურთხა თბილისში. ამიერიდან ის ჩაუდგა სათავეში ქართლის ბრძოლას ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ. მოკლე ხანში მთელი ქართლი შემოიმტკიცა. 1601 წ. ლორეს ციხეში გამაგრებული ოსმალური გარნიზონი ამოწყვიტა და ეს უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული მხარე კვლავ ქართლის სამეფოს საზღ- ვრებში მოაქცია.

ირან-ოსმალეთის ომის (1603-1612) დროს გ. X იძულებული იყო ირანელთა მხარე დაეჭირა. ქართულმა ჯარმა, მისი და ალექსანდრე II კახთა მეფის მეთაურობით, გადამწყვეტი როლი შეასრულა ერევნის ციხის აღებაში (1604). ყიზილბაშებზე უწინ ქართველები შეიჭრნენ ქალაქში და 10-თვიანი ალყა გამარჯვებით დამთავრდა. ამ დამსახურებისთვის შაჰ-აბასმა თითქოსდა დაასაჩუქრა მეფე გიორგი (სოფლები უბოძა ირანში და ჯამაგირიც დაუნიშნა), მაგრამ ამასთანავე იძულებით დაათმობინა ლორეს ციხე, რითაც უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქართლის სამეფოს თავდაცვისუნარიანობას. ამის შემდეგ გ. X-სა და აბას I-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ქართლის მეფემ სწორად განჭვრიტა შაჰის მომავალი გეგმები და აშკარა ანტიირანული პოლიტ. კურსის გატარება დაიწყო.

ალექსანდრე II-ის მოკვლის შემდეგ (1605 წ. 12 მარტი), კახეთში მყოფი რუსი ელჩები, ტატიშჩევი და ივანოვი, თავისთან მიიწვია და კახეთის მსგავსად, ქართლის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლა აღუთქვა. ეს აქტი დინასტიური ქორწინებით, ბორის გოდუნოვის ძის, თევდორეს და გ. X-ის ასულ ელენეს შეუღლებით უნდა განმტკიცებულიყო. მან თავისი ელჩებიც გაგზავნა რუსეთში, მაგრამ იქ პოლიტ. მდგომარეობის გაუარესების გამო (ბორის გოდუნოვის გარდაცვალება 1605 წ., პოლონეთ-შვედეთის ინტერვენციის დაწყება და სხვ.) რუსეთ-ქართლის სამეფოს დიპლ. ურთიერთობები საწყის ეტაპზევე შეწყდა. გ. X-ის ელჩები არაგვის ხეობიდან უკან გამობრუნდნენ.

1605 წ. 22 ოქტომბერს ბელაქნის წყალზე გამართულ შეტაკებაში აბას I-ის ფავორიტ კონსტანტინე-მირზას წინააღმდეგ აჯანყებულ კახელებთან ერთად იბრძოდა ქართლის სამეფოს მემარჯვენე სადროშოს ჯარი პაპუნა ამილახვრის სარდლობით. შეშფოთებულმა შაჰმა, გ. X-ს რომ არ დაეჭირა კახეთის ტახტი, სასწრაფოდ, მოკლული კონსტანტინეს ნაცვლად, ქრისტიანი თეიმურაზ I ცნო კახეთის მეფედ.

ესოდენ რთული პოლიტ. ვითარების ფონზე გ. X მაინც ახერხებდა ყურადღების გამოჩენას ქართ. მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ, თანამშრომლობდა თანამედროვე ქართლის კათოლიკოს-პატრიარქებთან. ბატონიშვილობის პერიოდში თავისი საუფლისწულო მამულებიდან განახორციელა შეწირულობები ხევისჯვრის წმ. გიორგის და იტრიის ყოვლადწმიდის ეკლესიებისთვის. მის სახელზე ზოგ ეკლესიაში წელიწადში რამდენჯერმე ჟამისწირვა და აღაპი დააწესეს.

1606 წ. მეჯვრისხევს მყოფი გ. X მოულოდნელად გარდაიცვალა. შაჰმა დაუმორჩილებელი მეფე მოაწამვლინა (სხვა ვერსიით, თაფლის ჭამის დროს „უცა ფუტკარმა, პირი გაუსივა და მიიცვალა“).

გ. X ისტ. საბუთებში მოიხსენიება, როგორც იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატონიანი; აფხაზთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მეფეთ-მეფე.

გ. ოთხმეზური

წყაროები და ლიტერატურა

  • ეგნატაშვილი ბერი, ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959;
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც.: ტ. 4, თბ., 1973;
  • ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ.,1969;
  • კაკაბაძე ს., ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია, „საისტორიო მოამბე“, წ. 2, ტფ., 1925;
  • პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, ტ. 1, თბ., 1991;
  • ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, მ. სურგულაძის გამოც., ტ. 4, თბ., 2016;
  • Белокуров С., Сношения России с Кавказом, вып. I, 1578-1613 гг, M., 1989.
  • ბერძენიშვილი ნ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ.: 4, თბ., 1967;
  • გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XV-XVII სს.), წგნ. 2, 1965;
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1979;
  • ქორიძე თ, ქართლის მეფეები, გიორგი X, წგ.: საქართველოს მეფეები, თბ., 2000;
  • ჯამბურია გ., ირან-ოსმალეთის ახალი ომი და ქართლ-კახეთის სამეფოები, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები