გურიის სამთავრო
გურიის სამთავრო, ჩამოყალიბდა XVI ს. 50-იან წლებში, როსტომ გურიელის მმართველობისას. სამთავროს განაგებდნენ გურიელთა გვარის წარმომადგენლები. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გ. ს. ჩამოყალიბდა გურიის საერისთავოს ტერიტორიაზე, ხოლო მკვლევართა მეორე ნაწილის აზრით, გურიის საერისთავო არ არსებობდა და ეს ტერიტ. სამეფო დომენს წარმოადგენდა.
გ. ს-ს ჩრდ-იდან საზღვრავდა ოდიშის სამთავრო და მათ მდ. რიონი ყოფდა, აღმ-დან – იმერეთის სამეფო, პოლიტ. ვითარების შესაბამისად იმერეთთან საზღვარი იცვლებოდა; სამხრ-იდან – ოსმალეთი, საზღვარი რკინის პალოდან (ქემერი) ოფის (სატრაპელა, სოტიროპოლი) მიმართულებით გადიოდა; სამხრ.-ღმ-იდან სამცხე-საათაბაგო (შემდგომ ახალციხის საფაშო და აჭარა) და საზღვარი აჭარა-გუ- რიის ქედზე გადიოდა; დას-იდან კი – შავი ზღვა.
გ. ს-ს შემადგენლობაში პერიოდულად შედიოდა აჭარა, ჭანეთი და მაჭახელა. აღნიშნული ტერიტორიები გურიის სამთავროსა და სამცხე-საათაბაგოს შორის სადავო იყო. XV ს. 60-იანი წლებიდან აჭარა და ჭანეთი გურიის შემადგენლობაშია, 1511 წ. სამცხე-საათაბაგომ დაიკავა, 1535 წ. ისევ გ. ს-ომ მიიერთა. 1547 წლიდან ოსმალებმა ჭანეთი დაიპყრეს. 1609 წ. მამია II გურიელმა გონიო დაიკავა, მაგრამ მალევე დაკარგა. 1614 წლიდან XVII ს. 60-იან წლებამდე ბათუმი ოსმალების ხელში გადავიდა. გიორგი III გურიელმა ბათუმი გაათავისუფლა, თუმცა 1703 წლიდან ოსმალებმა ისევ დაიკავეს ბათუმიც და ბათუმის მხარეც. XVIII ს. 50-60-იანი წლებიდან – ჩაქვის მხარე და ციხისძირი, ხოლო 70-იან წლებში ხინო და ქობულეთი. 1829 წლის ადრიანოპოლის ზავით გურიის საზღვარი მდ. ჩოლოქზე გავიდა.
გ. ს-სა და იმერეთის სამეფოს შორის სადავო იყო საჯავახოს ტერიტ., რ-იც გიორგი II გურიელმა (1566-1583) შეიერთა. XVII ს. მიწურულს საჯავახო იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა, თუმცა XVIII ს. დასაწყისში კვლავ გურიამ დაიკავა. სოლომონ I-მა XVIII ს. 70-იან წლებში საჯავახო იმერეთის სამეფოს შეუერთა. მართალია, ვახტანგ II გურიელმა დაიბრუნა იგი, მაგრამ სოლომონ II-ის დროს ისევ დაკარგა. 1815 წ. საჯავახო გურიას შეუერთდა და საზღვარი მდ. ქვაფათაზე გავიდა.
გ. ს-ს ცენტრი იყო ოზურგეთი.
გურია XI ს-იდან ქუთათლის სამწყსო იყო. XV ს-ში გურიელებმა დააარსეს ადგილ. საეპისკოპოსოები: შემოქმედი, ჯუმათი და ხინოწმინდა (ჯუმათის ეპარქია მოიცავდა ტერიტორიას მდ. რიონსა და სუფსას შორის, შემოქმედი მდ. სუფსასა და მდ. კინტრიშს შორის, ხოლო ხინოწმინდა – მდ. კინტრიშსა და მდ. ჭოროხს შორის).
გ. ს. ჩართული იყო გვიან შუა საუკუნეების დას. საქართველოს შინაფეოდალურ ანარქიაში. გაძლიერების შემთხვევაში თავის გავლენას ამყარებდა იმერეთის სამეფოსა და ოდიშის სამთავროზე (იმერეთის სამეფო ტახტზე ასვლას ახერხებენ: დემეტრე I გურიელი (1658, 1660-1664), გიორგი III გურიელი (1664-1684), მამია III გურიელი (1689-1714) გიორგი IV გურიელი (1713-1716, 1717-1726); გ. ს. იმერეთის სამეფოს მოკავშირედ გამოდის მაშინ, როდესაც მას საფრთხეს უქმნის გაძლიერებული ოდიშის სამთავრო და პირიქით. გ. ს-ს დასუსტების პერიოდში კი თავად ექცეოდა იმერეთისა თუ ოდიშის გავლენის ქვეშ. მას მჭიდრო პოლიტ. კავშირი ჰქონდა კახეთის სამეფოსთან [(კახთა მეფეებთან: ლევან I-სა (1520-1578) და ერეკლე II-სთან (1745-1798)].
გ. ს-ს ყველაზე დიდ საგარეო საფრთხეს უქმნიდა სამხრეთიდან გამეზობლებული ოსმალეთის იმპერია. ოსმალებმა ეტაპობრივად მიიტაცეს მისი ტერიტორიები. 1614 წლიდან გ. ს. იძულებული გახდა ხარკი ეკისრა მათ სასარგებლოდ. XVIII ს. დასაწყისში გურიელი დას. საქართველოს მეფე-მთავრებთან ერთად ოსმალების წინააღმდეგ გამოვიდა, რასაც ოსმალთა ლაშქრობა მოჰყვა (1703). 1723 წლიდან გურიის საზღვრისპირა ციხეებში ოსმალებმა თავიანთი გარნიზონი ჩააყენეს. გურიელები კულტ.-საგანმან. პოლიტიკის გატარებითაც ცდილობდნენ მოძალებული ისლამის შეჩერებას. გიორგი IV გურიელმა სასულიერო პირების დახმარებით სახინოწმიდლოში დააარსა სკოლები. ოსმალები აქტიურად ერეოდნენ მთავრის ოჯახის საქმეებში და მათი მომხრე ბატონიშვილის გამთავრებას ცდილობდნენ. გ. ს. ჩაერთო რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წწ. ომში, რამაც დიდი ზიანი მოუტანა. ოსმალებმა ააოხრეს გურია, სამთავრომ კი დაკარგა სამხრ. ტერიტორიები და დროებით გაუქმდა საეპისკოპოსოები.
გ. ს-მ საქართველოს სხვა პოლიტ. ერთეულებთან ერთად პრორუსული ორიენტაცია აირჩია. 1804 წ. რუსეთის მთავრობამ სცადა გურიასთან სამფარველო ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ ვერ მოახერხა. 1810 წ., იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, გ. ს-მ აღიარა რუსეთის ქვეშევრდომობა და ავტონომიური უფლებებით შევიდა მის შემადგენლობაში. ტრაქტატის რატიფიკაციის შემდეგ მამია V გურიელი გურიის მთავრად დაადგინეს.
1819-1820 წწ. გურია-იმერეთის აჯანყებისას რუსეთის მთავრობამ ჯარები შეიყვანა გურიაში. აჯანყებულთა მეთაურების – ქაიხოსრო და დავით ბატონიშვილების მამულები გაანადგურეს, თუმცა მათი შეპყრობა ვერ შეძლეს. აჯანყებულთა ნაწილი ბრძოლებში დაიღუპა. სამთავრო მნიშვნელოვად დაზარალდა. 1826 წ. მამია V გარდაიცვალა. გურიის გამგებლობა გადავიდა სამმართველო საბჭოს ხელში, რ-საც დედოფალი სოფიო (წულუკიძე) ხელმძღვანელობდა. გ. ს. ჩაერთო 1828-829 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში. მალე დედოფალი სოფიო დაუპირისპირდა რუსეთის მთავრობას და იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო ოსმალეთში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. სამთავროს გამგებლობა გურიის დროებით მმართველობას გადაეცა. იგი ადგილ. თავადებისგან შედგებოდა, მაგრამ ხელმძღვანელობდა რუსი ოფიცერი, რ-ის ხელშიც იყო რეალური ძალაუფლება. 1828 წლიდან გ. ს-მ ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა, თუმცა რუსეთის იმპერია მას ადრიანოპოლის ზავის (1829) პირობებით მიღებულად მიიჩნევდა.
1840 წ. დროებითი მმართველობაც გაუქმდა და ჩამოყალიბდა ოზურგეთის მაზრა, რ-იც საქართველო-იმერეთის გუბერნიას დაექვემდებარა, ხოლო 1847 წლიდან – ქუთაისის გუბერნიას.
თ. ქართველიშვილი
წყაროები და ლიტერატურა
- ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4. თბ.,1973.
- ბაქრაძე დ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი, 1987;
- სოსელია ო., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან. კრ., მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 30. 1954;
- ჩხატარაიშვილი ქ., გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, თბ.,1985.