ზიზილა
ზიზილა - Bellis perennis
იმერ. — ჟუჟუნა, გურ. – ბორჩხება
ზიზილა რთულყვავილოვანთა ოჯახიდანაა. მეტწილად გვხვდება ნატყევარ, კორდმოკიდებულ ადგილებში, საძოვრებზე, ბაღებში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
ზიზილა მრავალწლოვანი მცენარეა. ერთი ციცქნაა, მისი სიმაღლე იშვიათად აღემატება 10 სმ-ს, ხშირად უფრო პატარაც იზრდება. ფოთლები ნიჩბისებრია, კიდედაკბილული და ძირთან თავმოყრილი. ძალიან უხვი და ხანგრძლივი ყვავილობა იცის. მარტის ბოლოს რომ აყვავდება, აგვისტომდე ყვავის.
პატარ-პატარა ყვავილები შეკრებილი აქვს კალათებად, რომლებიც თითო-თითოდაა საყვავილე ღეროებზე განლაგებული, გარედან საბურველით შემოხვეული და ერთი ყვავილის შთაბეჭდილებას ახდენენ. კალათებში ორნაირი ყვავილებია: შიგნითა მილისებრია, ყვითელი, ხოლო გარეთა ენისებრი და თეთრი. ეს უკანასკნელნი ბოლოში და ხშირად ქვემოდანაც ვარდისფერია, მზიან ამინდში გაშლილი, ხოლო ღრუბლიან დღეში და საღამოობით შიგნითკენ გადაღუნული და ყვითელ ყვავილებზე წამოფარებული.