ვოლტერი
ვოლტერი – (ფრამგ. Voltaire, ნამდვილი სახელი ფრანსუა მარი არუე, ფრანგ. François-Marie Arouet, 1694-1778), ფრანგი მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე, ფრანგული განმანათლებლობის უდიდესი წარმომადგენელი.
კლასიციზმთან დაკავშირებული იყო როგორც დრამატურგი, გააგრძელა კორნელის და რასინის ტრადიციები. დაწერა 52 პიესა, მათ შორის 27 ტრაგედია. იგი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს (ქალაქს, ქვეყანას) და ყველგან ქმნიდა შინაურ თეატრს, სადაც დგამდა თავის პიესებს და წარმოდგენებში თავადაც მონაწილეობდა როგორც მსახიობი. პირველმა ტრაგედიამ „ოიდიპოსი“, რომელიც დაიდგა „კომედი ფრანსეზში“ (ისევე როგორც მისი მომდევნო პიესები), მას მოუტანა პირველი წარმატება. ბოლო ტრაგედიის „ირინა“ წარმოდგენის შემდეგ, პარიზმა იგი შეამკო დაფნის გვირგვინით. განმანათლებლური იდეების პროპაგანდისათვის მას დასჭირდა ტრაგედიის თემატიკის გაფართოება. ანტიკურ სიუჟეტებთან ერთად, მან მიმართა შუა საუკუნეების სიუჟეტებს და ეგზოტიკურ თემებს. ამასთანავე, იგი ცდილობდა დაეცვა ისტორიული და ეთნოგრაფიული სინამდვილე.
ინგლისში ყოფნის დროს იგი გაეცნო შექსპირის შემოქმედებას და მოექცა მისი გავლენის ქვეშ. შექსპირის „იულიუს კეისრის“ გავლენით დაწერა ტრაგედიები „ბრუტორი“ და „კეისრის სიკვდილი“, „ჰამლეტის“ გავლენით – „ერიფილა“ და „სემირამიდა“, „ოტელოს“ გავლენით – ტრაგედია-შედევრი „ზაირა“, შექსპირის ქრონიკების მიხედვით – „ადელაიდა დიუგეკლენი“. ანტიკლერიკალური განწყობა ნათლად მოსჩანს მის პიესაში „ალზირა“, „მუჰამედ წინასწარმეტყველი ანუ ფანატიზმი“. მან ერთ-ერთმა პირველმა შექმნა ფსიქოლოგიური ტრაგედია „მეროპა“. მისთვის საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა ფილოსოფიური ტრაგედიის „ჩინელი ობოლის“ შექმნას. იგი ამ პიესაში შეეცადა გადმოეცა ჩინური კოლორიტი. იგივე გაიმეორა მან ტრაგედიაში „ტანკრედი“. რეალისტური ტენდენციები გამჟღავნდა მის მომდევნო ტრაგედიაში „ოლიმპია“. კლასიცისტური კანონებიდან გადახვევა კიდევ უფრო მკაფიო ხდება პიესაში „სკვითები“. აქ მას პერსონაჟებად შემოჰყავს უბრალო ადამიანები – მწყემსები და გლეხები. ანტიკლერიკალური ტირადების გამო ამ ტრაგედიის დადგმა აიკრძალა. იგივე ბედი ეწია „მინოსის კანონს“, „დონ პედროს“, მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო ტრაგედიული პოეტი, მან შექმნა რამდენიმე „შერეული ჟანრის“ პიესა. „უძღები შვილი“ ეძღვნება სიყვარულის თავისუფალ არჩევანს და ოჯახის ახალ იდეალს. „ნანინში“ იგი დაუპირისპირდა წოდებრივი თანაბრობის იდეას და სიყვარული ყოველგვარ სოციალურ მდგომარეობაზე მაღლა დააყენა. პიესაში „შოტლანდიელი ქალი“ იგი ძალზე დაუახლოვდა „სენტიმენტალურ დრამას“. მან დაწერა რამდენიმე კომედია მოლიერის „მაღალი კომედიის“ სტილში – „არათავმდაბალი“, „შურიანი“, „შემნახველი“, გამოიყენა ინგლისური კომედიის ექსცენტრიულობა და ხასიათები კომედიებში „უცნაური, ანუ ბატონი მწვანე კონცხიდან“, „უკარება“. მის მიერ შექმნილმა განმანათლებლურმა და ფილოსოფიურმა ტრაგედიებმა დიდად შეუწყო ხელი კლასიცისტური ტენდენციების გავრცელებას მთელს ევროპაში.