ლოპე დე ვეგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლოპე დე ვეგა

ფელიქს არტურო ლოპე დე ვეგა კარპიო, (ლოპე დე ვეგა) – (ესპ. Félix Arturo Lope de Vega y Carpio 1562-1635), ესპანელი დრამატურგი, ესპანური ნაციონალური დრამატურგიის ფუძემდებელი.

დაწერა 2 200-მდე პიესა, რომელთაგან შემონახულია 426 დრამა და კომედია, 48 ერთაქტიანი პიესები, ე.წ. აუტო-საკრამენტალიები. იგი ფართოდ და მრავალფეროვნად ასახავდა თავისი ეპოქის პრობლემატიკას, პიესების შექმნის დროს ეყრდნობოდა ისტორიულ ქრონიკებს, ხალხურ რომანსებს, ანტიკური ხანის ისტორიკოსთა თხზულებებს, იტალიელი ნოველისტების ნაწარმოებებს. სოციალური მოვლენების, ფსიქოლოგიური სიღრმის და პოეტურობის თვალსაზრისით, მისი დრამატურგია ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოს დრამის ისტორიაში. მის მსოფლმხედველობაში და შემოქმედებაში არეკლილია ესპანური აღორძინების საუკეთესო ნიშნები. ამასთანავე, იგი რელიგიური თემატიკის ერთგული დარჩა სიცოცხლის ბოლომდე და ცდილობდა პიროვნების თავისუფალი განვითარების მორიგებას პატრიარქალურ პრინციპებთან. მეფის ძალაუფლებაში იგი ხედავდა ერთადერთ საყრდენს დამოუკიდებელი, ცენტრალიზებული ესპანეთის შესაქმნელად.

მის დრამებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სახალხო ჰეროიკას, სადაც ასახულია ძველი ესპანეთის სამი სოციალური ძალის – ხალხის, ფეოდალების და მეფის ურთიერთობა მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „პერიბანესი და კომანდორი ოკანი“, „ცხვრის წყარო“ („ფუენტე ოვეხუნა“), „საუკეთესო ალკალდი – მეფე“. მის ისტორიულ პიესებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „სევილიის ვარსკვლავი“. სოფლის პატრიარქალური და ქალაქური ცხოვრების დაპირისპირებაზე არის აგებული პიესები „ჭკვიანი თავის სახლში“, „გლეხი თავის კუთხეში“. თავისი თანადროულობისადმი მიძღვნილ პიესებს შორის მნიშვნელოვანია „ღირსების გამარჯვება“, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. „ღირსების დრამათა“ რიცხვს.

მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია კომედიებს. მიღებულია მათი დაყოფა პასტორალურ, „ცუღლუტურ“, ჰეროიკულ „სასახლისკარის“, „დაშნისა და წამოსასხამის“ კომედიებად. მათ შორის განსაკუთრებით პოპულარულია „ცეკვის მასწავლებელი“, „მადრიდული ფოლადი“, „მოხერხებული შეყვარებული“, „ვალენსიელი ქვრივი“, „ქალიშვილი დოქით“, „სხვისთვის სულელი, თავისთვის ჭკვიანი“, „ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს, არც სხვას აჭმევს“. ამ პიესების გმირები ძირითადად ქალები არიან. ისინი აგებულია თავბრუდამხვევ ინტრიგებზე, რომელშიც მონაწილეობენ არა მხოლოდ ბატონები, არამედ მსახურებიც.

რელიგიურ დრამათა რიცხვს განეკუთვნება „მკა“, „სულის მოგზაურობა“, „ჭეშმარიტი ტყუილი“. ისინი აგებულია ბიბლიის ეპიზოდებზე და იწოდებიან „წმინდა კომედიებად“. მისი მნიშვნელოვანი თეორიული ნაშრომია პოემა „კომედიის წერის ახალი ხელოვნება ჩვენს დროში“ მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის უშუალო გამგრძელებლები იყვნენ ტირსო დე მოლინა, კალდერონი, როხას სორელია, მორეტო და ესპანური დრამის „ოქროს ხანის“ სხვა წარმომადგენლები.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები