გროტესკი (ჟანრი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:46, 15 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გროტესკი – მხატვრული ჟანრი აგრეთვე ხერხი. გროტესკი არის მხატვრული სახიერების ნიმუში და ეფუძნება კომიკურ, კარიკატურულ, ბურლესკურ და უცნაურ ეფექტებს. გროტესკი აღიქმება როგორც ცნობილი ნორმატიული ფორმების ნიშანდობლივი დამახინჯება მოვლენის შინაგანი ორსახოვნების წარმოჩენის მიზნით. ამით აიხსნება გროტესკის კონტრასტულობა, კომიკურისა და ტრაგიკულის, რეალურისა და ფანტასტიკურის ერთდროულად გამოსახვა. გროტესკი მოვლენის არსი წვდომის მხატვრული ხერხია, მხატვრული განზოგადების უმძლავრესი საშუალებაა.

გროტესკი ფართოდ იყო გამოყენებული მიმოსების მიერ ანტიკურ ხანაში. ამ ხერხს მიმართავდნენ არისტოფანე და პლავტუსი თავის კომედიებში. იგი პოპულარული იყო შუა საუკუნეების ფარსულ წარმოდგენებში, კომედია დელ’არტეში, შექსპირის კომედიებში. მას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რომანტიკოსებმაც, მიიჩნიეს რა იგი ცხოვრების პარადოქსულობის გამომსახველად. გროტესკი მრავლად გვხვდება ჰოფმანისა და ჰიუგოს შემოქმედებაში.

გროტესკი, ამასთანავე, ასახვის უნივერსალური ფორმაა. იგი აერთიანებს არამოტივირებულ კომიზმს და პოლიტიკურ თუ ფილოსოფიურ სატირას (ვოლტერი, სვიფტი). გროტესკი შეიძლება იყოს სატირული, იგავური, კომიკური, რომანტიკული, ნიჰილისტური (და ა.შ.).

გროტესკი უშუალოდ ამოზრდილია შინაარსიდან და ხშირად თავადვე შობს ახალ შინაარსს. სწორედ ამ თვისებების გამო, იგი არ არის ჩვეულებრივი სტილური ხერხი.

გროტესკი მჭიდროდ არის დაკავშირებული ტრაგიკომიკურთან. ტრაგიკულისა და კომიკურის ერთდროულობის ეფექტი, თავისი არსით, გროტესკულია.

გროტესკის მთავარი ღირსება გამოსახვის სიზუსტეშია. იგი შორს დგას მიკერძოებისაგან და თვით მახინჯსა და მდაბალშიც კი პოულობს მხატვრულ ელემენტებს.

მ. გეგია


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები