ორმოცდაათიანელები საქართველოში
ორმოცდაათიანელები საქართველოში - XIX საუკუნის მეორე ნახევარში კავკასიაში მოღვაწეობას იწყებს შვედური მისია, რომელსაც, მოგვიანებით, „სინათლე ხალხისთვის“ ეწოდა და რომელმაც საქართველოში ორმოცდაათიანელთა წინამორბედის როლი შეასრულა.
საქართველოში ორმოცდაათიანელთა პირველი თემები 1918 წლის ახლო ხანს აბასთუმანსა და თბილისში თურქეთიდან გამოსახლებული რუსების ბაზაზე ჩამოყალიბდა, მაგრამ მათ არ ჰყავდათ ხელდასხმით ნაკურთხი ხუცესი, რის გამოც წყლით ნათლობა არ ხდებოდა. თბილისში პირველი ნათლობა 1942 წელს შედგა, რაც უკრაინიდან ჩამოსულმა ხუცესმა, ვასილ ბიზიაევმა, შეასრულა.
1929-1930 წლებში დასავლეთ საქართველოში უკრაინიდან, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებიდან ჩამოვიდა ხალხი, რომელიც მძვინვარე შიმშილობას გამოექცა. მათ შორის იყვნენ ორმოცდაათიანელებიც, რომლებმაც ბათუმში, ფოთში, ოზურგეთში, ცხაკაიაში, ნატანებში, მერიაში, ციხისძირში, სუფსასა და ქუთაისში პატარპატარა გეტოები შექმნეს.
1932 წელს საქართველოში ორმოცდაათიანელთა პირველი მასიური დაპატიმრება მოხდა. ერთ კვირაში დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 300 ორმოცდაათიანელი მორწმუნე დააკავეს და ფოთის პორტიდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მათი ბედი დღემდე უცნობია.
რეპრესიების მიუხედავად, ანალოგიური ეკლესიები მალე ჭიათურაში, გორში, გუდაუთასა და სოხუმშიც იქმნება.
ორმოცდაათიანელთა პირველი ქართულენოვანი ჯგუფი 1945 წელს გორში შეიქმნა. მისი ხელმძღვანელები გიორგი (ჟორა) კოჭლავაშვილი და ბესარიონ კურმაშვილი იყვნენ.
1951 წელს ახალი მასიური დაპატიმრება მოხდა. ამ დროს თბილისის ეკლესიაში სიით 87 მორწმუნე ირიცხებოდა, მათგან 40 დააპატიმრეს. ხელმძღვანელ პირებს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო დანარჩენებს - 8-10 წელი.
მართალია, 1953 წლიდან, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ორმოცდაათიანელთა დევნა შენელდა, პატიმრების დიდი ნაწილი გაათავისუფლეს, მაგრამ 1961 წელს მასობრივი დაპატიმრებები კვლავ განახლდა. ამ წელს მარტო თბილისში 14 ორმოცდაათიანელი დააპატიმრეს, უმრავლესობა მეორედ მისცეს სამართალში. გორის ეკლესიიდან ღვთისმსახურების დროს დააპატიმრეს გიორგი (ჟორა) კოჭლავაშვილი და ბესარიონ კურმაშვილი. მორწმუნებზე ხორციელდებოდა როგორც ფიზიკური, ასევე მორალური ზეწოლა.
ამ პერიოდში პროტესტანტი ორმოცდაათიანელები სიმტკიცითა და სარწმუნოებისადმი ერთგულებით გამოირჩეოდნენ. ახალგაზრდები მკაცრად ემიჯნებოდნენ კომუნისტურ იდეოლოგიას. საბჭოთა კავშირის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მიმართული იყო იქითკენ, რომ ხალხში ზიზღი გაეღვივებინა ორმოცდაათიანელი მორწმუნეების მიმართ. ამ ნიშნითაა აღბეჭდილი მაშინდელი ფილმები: „ღრუბლები ბორდსკის თავზე“, „სასწაულმოქმედი ბირულევოდან“, „ეს ყველას აღელვებს“, „მოციქულები ნიღბების გარეშე“ და სხვ. იბეჭდებოდა ათასგვარი ცილისწამებლური წერილები. 1964 წელს საქართველოს ორმოცდაათიანელთა ეკლესიის საწინააღმდეგოდ გამოვიდა ჟურნალი „წყვდიადი“.
1970 წელი საქართველოს ორმოცდაათიანელების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა. ამ წელს უკრაინიდან ჩამოვიდა ეპისკოპოსი ნიკოლაი კამინსკი. მან ქართულენოვანი ეკლესიის ხუცესად აკურთხა გიორგი კოჭლავაშვილი, ხოლო რუსულენოვანი ეკლესიის ხუცესად ალიოშა სლივკოვი, დიაკვნად - ტიმოთე ბიზიაევი. 1980 წელს საქართველოში ორმოცდაათიანელთა ეკლესიების რიცხვი საკმაოდ გაიზარდა. 1981 წელს უკრაინიდან ჩამოსულმა ეპისკოპოსებმა ა. ლევჩუკმა და ნ. მარტიანოვიჩმა ხუცესად ხელდასხმით აკურთხეს ოლეგ ხუბაშვილი და რომან გაჩეჩილაძე.
საქართველოს ორმოცდაათიანელთა ეკლესია მჭიდროდ ურთიერთობს ამერიკისა და ევროპის ანალოგიურ ეკლესიებთან და მისიებთან. აღსანიშნავია თანამშრომლობა გერმანიის საერთაშორისო ქრისტიანულ მისიასთან - „ნეემია“, შვედურ მისიასთან - „სინათლე ერებისთვის“ და ამერიკის საერთაშორისო ქრისტიანულ მისიასთან „საღვთო ასამბლეა“.
სარჩევი |
ორგანიზაცია: სტრუქტურა და იერარქია
საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია, რომლის წარმომადგენლობითი ცენტრი თბილისშია, არის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ეკლესიების ერთიანობა. ადგილობრივ ეკლესიებზე ზედამხედველობა ხორციელდება უფროსი ეპისკოპოსის მიერ, დამხმარე ეპისკოპოსებთან ერთად, რომლებიც ერთობლიობაში წარმოადგენენ სულიერ საბჭოს (შდრ. საქ. 15: 24). თითოეულ ადგილობრივ ეკლესიას ჰყავს ხელდასხმული ეპისკოპოსი, ხუცესები და დიაკვნები (შდრ. ფილიპ. 1:1).
ურთიერთობა სახელმწიფოსთან
სახელმწიფოსთან დამოკიდებულების საკითხში ორმოცდაათიანელების სხვადასხვა ფრთა სხვადასხვა პოზიციას ამჟღავნებს. ასეა საქართველოშიც. საქართველოს ორმოცდაათიანელების ნაწილი (უმცირესობა) სახელმწიფოსთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს და რეგისტრაციაში არ ტარდება, ნაწილი კი (უმრავლესობა) ამ საკითხში ლოიალურია და რეგისტრაციის სურვილს გამოთქვამს. ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო, პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად (რომ. 13), ღვთის მიერ დადგენილი ინსტიტუტია, რომლის მიზანს საზოგადოებაში წესრიგის მიღწევა წარმოადგენს.
საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ერთ დოკუმენტში ვკითხულობთ: „ქრისტიანი, ისე როგორც საზოგადოების თითოეული წევრი, ხელისუფლების მორჩილი უნდა იყოს და თავისი ქვეყნის კანონების შესაბამისად უნდა იცხოვროს. მოთხოვნილებების დადგენა სახელმწიფოს უფლებაა და ჩვენ ვალდებულნი ვართ ის შევასრულოთ. სამოქალაქო კანონთა დარღვევა, თუ ისინი ღვთის განაწესთან კონფლიქტში არ შედიან (შდრ. საქ. 4:19; 5:29), მორწმუნეებს სახელმწიფოს მხრიდან სასჯელს, ხოლო ღმერთის მხრიდან მსჯავრის დადებას მოუტანს (რომ. 13:2).
საგანმანათლებლო საქმიანობა
ქართველი სახარების რწმენის ქრისტიანები ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებენ, რომ მეცნიერება და კულტურა სწორედ რელიგიის წიაღიდან აღმოცენდა.
ამიტომ ქართველი ორმოცდაათიანელები განათლებას დიდ ყურადღებას აქცევენ. 1992 წელს თბილისში გაიხსნა ბიბლიური კოლეჯი, რომელიც 1994 წლამდე ფუნქციონირებდა. ამ ხნის განმავლობაში საღმრთო წერილში 60 მორწმუნე განისწავლა. 1994 წელს ამერიკელ მისიონერთან, ბერტ კლენდენენთან, თანამშრომლობით თბილისში გაიხსნა ახალი სამთვიანი საღვთო სწავლების კოლეჯი. 3 წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან კურსი 212 მსმენელმა გაიარა. 2000 წელს თბილისის ეკლესიის ბაზაზე ერთწლიანი ბიბლიური კოლეჯი ჩამოყალიბდა.
2001 წელს თბილისში, საერთაშორისო ორგანიზაცია „ღვთის ასამბლეასთან“ თანამშრომლობით, საქართველოს „სახარებისეული ქრისტიანული თეოლოგიური ინსტიტუტი“ გაიხსნა, რომელსაც ორწლიანი პროგრამა აქვს. 6 წლის მანძილზე ეკლესიის მსახურის დიპლომი 50 სტუდენტს მიენიჭა. 2003 წელს სამწლიანი ხუცესთა სკოლა გაიხსნა, სადაც ხუცესის დიპლომი 35 მსმენელმა მიიღო. 2006 წელს ხუცესთათვის ჩამოყალიბდა დამხმარე სასწავლო ჯგუფი.
საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიებში სხვადასხვა წლებში გამოდიოდა ჟურნალგაზეთები: „იმანუელი“, „ნუგეშისმცემელი“, „მშვიდობა თქვენდა“, „ახალგაზრდული“, „ჩვენი სარბიელი“ და „სამკალი“. ითარგმნა ცნობილი ღვთისმსახურების ბერტ კლენდენენის, კენეტ ხეიგინის, რიკ ჯოინერის, ბენი ხინის, ულფ ეკმანისა და სხვათა წიგნები.
ქველმოქმედება. ორმოცდაათიანელთა ეკლესიები აქტიურად მოღვაწეობენ სოციალურ პროგრამებზე და ხელს უწყობენ საზოგადოებაში მშვიდობისა და ჰარმონიის დამკვიდრებას.
ეკლესიებს სხვადასხვა სოციალური პროგრამები აქვთ: ბავშვთა სახლებსა და ინტერნატებში აღმზრდელობით საქმიანობაში მონაწილეობა, დაუძლურებულ ადამიანთა მეურვეობა, პატიმართა ზნეობრივი მხარდაჭერა, ფსიქოლოგიური, სულიერი და მატერიალური დახმარების აღმოჩენა ადამიანებისათვის, რომლებიც რისკის ჯგუფში შედიან.
1992 წლის 10 ივნისს გაიხსნა „სრულიად საქართველოს სახარების რწმენის ქრისტიანთა ასოციაცია“, რომლის ბაზაზე უფასო სასადილო დაარსდა. 1996 წლამდე ეს სასადილო ყოველდღიურად 300-ზე მეტ ხელმოკლე ადამიანს მასპინძლობდა. მათ, ვისაც სასადილომდე ფიზიკურად მოსვლა არ შეეძლო, ეკლესიის წევრები საკვებ პროდუქტებს სახლში აწოდებდნენ.
9 აპრილს მოწამლულებს, ასევე აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს საქართველოს ორმოცდაათიანელთა ეკლესიამ მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება აღმოუჩინა.
საქართველოში (აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის გამოკლებით) ორმოცდაათიანელთა ეკლესიების საერთო რიცხვი 120-ს აღემატება. მორწმუნეთა რაოდენობა 10 000-ს აღწევს. მათგან აქტიური წევრია 7 000.