აგორანომოსები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:21, 20 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აგორანომოსები - (άγορανόμοι) - ბაზრის ზედამხედველი მოხელეები ძველ საბერძნეთში. ეს თანამდებობა 120-ზე მეტ ბერძნულ ქალაქში არსებობდა. კლასიკურ ხანაში აგორანომოსები ჩვეულებრივ წილის ყრით იყვნენ არჩეულნი. ათენში ათი აგორანომოსი მსახურობდა, ხუთი საკუთრივ ქალაქში და ხუთიც - პირევსში. მათ უნდა დაეცვათ წესრიგი ბაზარში, შეემოწმებინათ საქონლის ხარისხი და წონა და შეეკრიბათ ბაზრის მოსაკრებელი. აგორანომოსებს შეეძლოთ მათ კომპეტენციაში შემავალი წესების მსუბუქი დარღვევისათვის დაეჯარიმებინათ ესა თუ ის პირი. სწორედ ამ გზით შეკრებილი თანხებით ისინი არა მარტო ინახავდნენ და უვლიდნენ ბაზრობის შენობებს, არამედ ახლებსაც აშენებდნენ. უფრო მძიმე დანაშაულთა შემთხვევაში აგორანომოსები აღძრავდნენ სამართლებრივ დევნას და თავმჯდომარეობდნენ სასამართლო პროცესებს.