ოიდიპოსი (ვოლტერის ტრაგედია)
„ოიდიპოსი“ – ვოლტერის პირველი ტრაგედია „ოიდიპოსი“ (1718) წარმატებით დაიდგა ფრანგული კომედიის თეატრში. სწორედ ამ სპექტაკლის აფიშაზე გაჩნდა პირველად მისი ფსევდონიმი – ვოლტერი.
განმანათლებლური იდეოლოგიისა და რაციონალიზმის ეპოქის წარმომადგენელმა განსხვავებულად და თავისებურად წარმოადგინა მითის ინტერპრეტაცია. სოფოკლესეულ ბედისწერის თემას დაუპირისპირა ადამიანის გონება, ღირსება და რწმენა. ვოლტერის პიესაში გაიძვერა, მატყუარა ქურუმები თავისი ინტერესებისთვის იყენებენ გაუნათლებელ ადამიანებს და მათ ცრურწმენას. ტრაგედიაში ბევრი ანტიკლერიკალური გამონათქვამია. აქ მთავარია გმირის მორალური, ადამიანური ღირსება და სახელმწიფოებრივი მართვის სიბრძნე. „ხალხისთვის სიკვდილი არის მეფის ვალდებულება“ – პიესის ამ ციტატაში ჩანს დრამატურგის შეხედულება იდეალურ მონარქზე.
ვოლტერი განმანათლებლური კლასიცისტის პოზიციიდან აფასებდა ანტიკურ დრამატურგიას და აღნიშნავდა მის არაბუნებრიობას, პრიმიტივიზმს. მოგვიანებით მან შეცვალა თავისი დამოკიდებულება და პიესა „ორესტეს“ წინასიტყვაობაში მიუთითა, რომ ანტიკური პოეტებისგან ცხოვრებისეული სიმართლის „უძვირფასესი სისადავით“ გამოსახვა უნდა ესწავლათ.
ნინო ქირია