ზაირა (ვოლტერის ტრაგედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:36, 12 ივლისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ზაირი“ვოლტერის ტრაგედია (1732).

მოქმედება მიმდინარეობს XII საუკუნის სირიაში, იმ დროს, როცა ქრისტიანებმა დაკარგეს იერუსალიმი და გაძლიერდა მუსულმანური რელიგია. პიესაში მთავარია კონფლიქტი სიყვარულსა და მოვალეობას შორის, რომელიც მძიმდება ქრისტიანების რელიგიური ფანატიზმით და ხელს უშლის შეყვარებულების ბედნიერებას. სულთან ოროსმანს უყვარს ზაირი, რომელიც ბავშვობაში ტყვედ ჩაუვარდა მუსულმანებს. სიყვარული ორმხრივია და ოროსმანს გადაწყვეტილი აქვს მისი ცოლად შერთვა. ამ დროს ზაირი გაიგებს, რომ იგი ქრისტიანია და იერუსალიმის ყოფილი მეფის ქალიშვილია. მამა და ძმა ზაირისგან ქრისტიანული რელიგიის ერთგულებას ითხოვენ. ზაირის ძმა ნერესტანი მას გაქცევას შესთავაზებს. ზაირი საშინელ განსაცდელშია, მოვალეობასა და გრძნობას შორის უნდა გააკეთოს არჩევანი. იგი უარს აცხადებს გაქცევაზე, რადგან სიყვარული მისთვის რელიგიურ ვალდებულებებზე მაღლა დგას. ადამიანებს ის აფასებს არა რელიგიური მრწამსის, არამეს ადამიანური ღირსების მიხედვით. „ის კეთილია და ნუთუ უკეთესი იქნებოდა, ქრისტიანი რომ იყოს“ – ამბობს იგი. შემთხვევითობა განსაზღვრავს პიესის ტრაგიკულ დასასრულს. ოროსმანი გაიგებს, რომ ზაირი ხვდება ნერესტანს, რომელზეც ეჭვიანობს. უთვალთვალებს მათ და სწორედ იმ დროს, როცა ზაირი გაქცევაზე უარს აცხადებს, ეჭვით შეპყრობილი ოროსმანი საყვარელ ქალს კლავს. ოროსმანი კი თავს იკლავს მას შემდეგ, რაც შეიტყობს სიმართლეს. ვოლტერი თავისი ტრაგედიით ამტკიცებს, რომ ფანატიზმს დამანგრეველი ძალა აქვს. ზნეობა, სათნოება ადამიანის თვისებებია და რელიგიასთან კავშირი არ აქვს. ხოლო მოვალეობა, ფანატიკური გაგებით, საზოგადოებისთვის საშიში მოვლენაა. „ზაირი“ განმანათლებლური ტრაგედიაა ფრანგული კლასიცისტური ტრადიციებით. ეჭვიანობის მოტივი მეორეხარისხოვანია პიესაში. ოროსმანის ეჭვიანობა გამოსახულია ფრანგული არისტოკრატიული პირობითობისა და წესების დაცვით. ტრაგედიაში გვხვდება სენტიმენტალური ელემენტებიც. ოროსმანისა და ზაირის ურთიერთობა დახატულია ინტიმურ ოჯახურ ტონებში. ყოველივე ეს ამ ტრაგედიას აახლოებს იმ დროს ფორმირების პროცესში მყოფ ჟანრთან – მეშჩანურ დრამასთან.

ნინო ქირია

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები