ფაუსტი (გოეთე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Fausti.PNG

ფაუსტი − (გერმ. Faust. Eine Tragödie), იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ტრაგედია.

ფაუსტის სახე შუასაუკუნეების ხალხური ფოლკლორიდანაა (აღორძინების ეპოქაში კრისტოფერ მარლო წერს პიესას – „დოქტორ ფაუსტის ტრაგიკული ისტორია“). „ფაუსტში“ გოეთემ გამოხატა თავისი ფილოსოფიური აზრი ცხოვრებაზე.

ფაუსტი არა ცალკეული პიროვნება, არამედ სიმბოლოა, რომელიც თავის თავში აერთიანებს ყველაფერს. ადამიანის არსსა და მიზანზე არის აგებული მთელი პიესა. ფაუსტის მამა ექიმი იყო, მან შეაყვარა მეცნიერება და მისწრაფება − ემსახუროს ადამიანებს. ფაუსტიც მეცნიერი ხდება. ის ცდილობს, ყველა კითხვაზე პასუხი მეცნიერებაში ეძიოს. ფაუსტი მეცნიერებით ვერ მოიპოვებს ყველა პრობლემურ საკითხზე პასუხს. მას იმედი გაუცრუვდება მეცნიერებაზეც. მეცნიერება მოწყვეტილია რეალური ცხოვრებისაგან, პრაქტიკული ამოცანებისგან. ამ წინაისტორიას ვიგებთ მოქმედებიდან. გმირს მაშინ ვეცნობით, როცა ის მიდის იმ დასკვნამდე, რომ უნაყოფოა მისი ძიება. ფაუსტი თვლის, რომ ვინაიდან ადამიანებმა არ იციან ცხოვრებისეული სირთულეების გადაწყვეტა, მიმართავენ რელიგიას, მასში ეძებენ საყრდენს. ფაუსტის დამოკიდებულება რელიგიისადმი ჩანს გრეთჰენთან ერთ-ერთ დიალოგში. ფაუსტი ამბობს, რომ ღმერთი − ბუნებაა. ადამიანს არ სჭირდება არავითარი ზემიწიერის არსებობა, რომელიც დააკავშირებს მას სამყაროსთან. გოეთე აღმერთებს თვით ბუნებას. „ფაუსტში“ გოეთე ოფიციალური რელიგიის წინააღმდეგ ილაშქრებს.

გოეთე ფაუსტს პედანტ ვაგნერს უპირისპირებს. ვაგნერისათვის არსებობს მხოლოდ წიგნების ცოდნა. ის დარწმუნებულია, რომ, თუ ყველაფერს წაიკითხავს, მის წინ გადაიშლება სამყაროს ყველა საიდუმლო. ვაგნერი არის „კაბინეტური“ სწავლულის ტიპი, რომელიც ცხოვრებისაგან მოწყვეტილია. გოეთე არ უარყოფს წიგნიდან მიღებულ ცოდნას, მაგრამ მიუთითებს მის საზღვრებზე. ვაგნერი რაღაცას მიაღწევს თავის მოღვაწეობაში. ლაბორატორიაში, ის ხელოვნური გზით, კოლბაში ქმნის ადამიან-გომუნკულუსს („ფაუსტის“ მე-2 ნაწ.). ამ არსებას მხოლოდ კოლბაში შეუძლია არსებობა. თავად გომუნკულუსიც გრძნობს თავის არასრულფასოვნებას, ამბობს, რომ „დაუმთავრებელია“.

ფაუსტს ესაჭიროება არა აბსტრაქტული ცოდნა, არამედ რეალური ცხოვრება. მას სურს შეიცნოს ცხოვრება და ცხოვრებაში თავისი ადგილი მონახოს. ამ გზაზე ფაუსტი ხვდება მეფისტოფელს. მეფისტოფელის სახეში გოეთემ ღრმა ფილოსოფიური აზრი ჩააქსოვა. მეფისტოფელი „კრიტიკისა და ეჭვის“ სულის გამოხატულებაა. კრიტიკა და ეჭვი ფაუსტისათვისაც დამახასიათებელია, მაგრამ ეს ფაუსტის სახის მხოლოდ ერთი მხარეა. მეფისტოფელი კი აბსოლუტური უარყოფის გამოხატულებაა. ეს უარყოფა უსაფუძვლო არ არის და აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანმა აკრიტიკოს საკუთარი ნაკლოვანებები და სისუსტე, არ დაკმაყოფილდეს მიღწეულით. ამ აზრით – უარყოფა – დადებით ხასიათს იძენს. ამიტომ ამბობს თავის თავზე მეფისტოფელი, რომ ის არის „ბოროტების ნაწილი, რომელიც აკეთებს სიკეთეს“, მაგრამ მარტო უარყოფა არ არის საკმარისი. „უარყოფას“ არ შეუძლია შეავსოს ცხოვრების არსი. ეს არის მხოლოდ საფეხური, ნაწილი ცხოვრებისეული პროცესის. ფაუსტისთვის კი განვლილი გზის უარყოფა არ ნიშნავს ცხოვრების უარყოფას, ის უარყოფს ახლის დასამკვიდრებლად.

მეფისტოფელის უარყოფა ყოვლისმომცველია, ეხება ადამიანსაც, რომელშიც ის ხედავს მდაბიო არსებას. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს აქვს გონება, შესწევს აზროვნების უნარი, არ იყენებს მას. მეფისტოფელი დარწმუნებულია, რომ ადამიანი ვერ შეძლებს სრულყოფას. მეფისტოფელი ნაძლევს დებს ღმერთთან და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ფაუსტი ადვილად უარყოფს ყველა თავის მისწრაფებას და ძიებას, თუკი თავისი ყველაზე დიდი სურვილების დაკმაყოფილების შესაძლებლობა მიეცემა. მიუხედავად დიდი ჭკუისა, მეფისტოფელს ბოლომდე არ ესმის ფაუსტის და სათანადოდ არ აფასებს მას. გამოცდა, რომელსაც მეფისტოფელი უტარებს ფაუსტს, სიმბოლური მნიშვნელობისაა. აქ ფაუსტი − მთელი კაცობრიობის გამოხატულებაა. მისი დაცემით და ამაღლებით მთელი კაცობრიობა უნდა შეფასდეს. ფაუსტი რთული ბუნების მქონე პიროვნებაა, ის თავად გრძნობს მასში არსებულ წინააღმდეგობრივ ბუნებას. ფაუსტის ერთ „მე“-ს უყვარს ამქვეყნიური ცხოვრება, მეორე „მე“ კი ზეცისკენ, ამაღლებულისკენ მიისწრაფის. ფაუსტი აღსავსეა ამაღლებული სულიერი მისწრაფებებით, მაგრამ ყველაფერი მიწიერი მისთვის უცხო არ არის.

მის სულიერ და ცხოვრებისეულ მისწრაფებებს შორის შინაგანი ბრძოლა მიმდინარეობს. ცხოვრების არსის შეცნობა მას არა მარტო საკუთარი თავისთვის უნდა, არამედ იმისთვისაც, რომ ძლიერი იარაღი მისცეს ხალხს სირთულეების და წინააღმდეგობების დასაძლევად.

თუ ფაუსტი − სიმბოლური სახეა კაცობრიობის მამაკაცთა ნაწილისა, გრეთჰენი – ქალთა ნაწილის სიმბოლოა. ეს უბრალო გოგონა ქალის სულის ყველა თვისების მატარებელია. მასში შერწყმულია: გარეგნული და შინაგანი სილამაზე, ამაღლებული სიყვარულის უნარი და საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება, თავმდაბლობა და მოვალეობის ძლიერ განვითარებული გრძნობა. ფაუსტისაგან განსხვავებით, გრეთჰენი ცხოვრებას იღებს ისეთად, როგორიც არის. მისი ცხოვრებისეული შეცნობა იფარგლება პირადი ოჯახური ინტერესით. სიყვარული ერთხანს შეაძლებინებს გადალახოს საზოგადოებრივი მორალური დოქტრინები, საკუთარი თავისთვის დაწესებული „საზღვრები“ და ფაუსტის მეგობარი გახდეს. სიყვარულისთვის გრეთჰენი ცოდვას, დანაშაულს ჩაიდენს, მაგრამ, ამასთან, მასში ცოცხლობს მოვალეობის გრძნობა. ბრძოლა გრძნობასა და მოვალეობას შორის გრეთჰენში ღრმა სულიერ ტრაგედიას ქმნის.

ფაუსტის მსგავსად, რომელიც თავისი სულიერი მისწრაფებებისთვის უკავშირდება მეფისტოფელს, გრეთჰენიც სიყვარულისთვის მზადაა ჩაიდინოს დანაშაული – შესცოდოს.

გრეთჰენის ტრაგედია იმაში კი არ არის, რომ მან დაარღვია კანონები, რომლის სიწმინდესაც დაბადებიდანვე უნერგავდნენ, არამედ იმაში, რომ მან ბოლომდე ვერ შეძლო დაეძლია ბიურგერული წრისთვის დამახასიათებელი წარმოდგენები. გრეთჰენი დაღუპა არა თავისმა ვნებამ, არამედ საზოგადოებამ, რომლისთვისაც სიყვარულის გრძნობა უკანონო და ცოდვის ტოლფასია. ამასთანავე, გრეთჰენი ფაუსტის მსხვერპლიც არის. ფაუსტი მზად იყო, გრეთჰენისთვის მიეცა მთელი გული, მაგრამ არც უფიქრია, გრეთჰენი თავისი მისწრაფებების, ძიებების თანაზიარად გაეხადა. ფაუსტს ეგონა, რომ გრეთჰენი დასახული, მაღალი მიზნებისაკენ სწრაფვაში დააყოვნებდა, ხელს შეუშლიდა. გრეთჰენის სიკვდილის მომენტში ხმა ზეციდან ამბობს − „იგი გადარჩა“. გრეთჰენი გადარჩა, რადგან, რაც არ უნდა მძიმე ყოფილიყო მისი ცოდვა, ის მიისწრაფოდა მაღალი გრძნობებისაკენ. სიკვდილის წინ, გრეთჰენი თავისი შეყვარებულის სახელს ახსენებს.

პირველ და მეორე ნაწილს შორის განსხვავებაა. პირველი ნაწილი, მიუხედავად ფანტასტიკურ-მისტიკური ელემენტების შემცველობისა, რეალისტურია. ხალხის ცხოვრებისეული ურთიერთობაა ნაჩვენები. მეორე ნაწილის ყველა ეპიზოდი, ყოველი ფიგურა სიმბოლურია. პერსონაჟები ცხოვრებისეული ტიპები კი არ არიან, არამედ ხასიათები. მაგრამ, მეორე ნაწილის სიმბოლოები ღრმა ცხოვრებისეული შინაარსისა და ფილოსოფიური იდეების მატარებელია. გრეთჰენის სიკვდილით გამოწვეული მწუხარების მიუხედავად, ფაუსტი აგრძელებს ცხოვრებისეული საზრისის ძიებას. მან ბედნიერება ვერ ჰპოვა სიყვარულში, მაგრამ რომც ეპოვა, არ დაკმაყოფილდებოდა. ვინაიდან, მხოლოდ პირადი ბედნიერება, ჰარმონია პირად ცხოვრებაში მას არ აწყობდა, არ აკმაყოფილებდა. ფაუსტი ეძებს ბედნიერებას არა საკუთარი თავისთვის, არამედ კაცობრიობისათვის.

მეორე ნაწილში ფაუსტი სახელმწიფო მოღვაწეა. ნაჩვენებია მძიმე მდგომარეობაში მყოფი რომაული იმპერია. ფაუსტი ცდილობს გააუმჯობესოს ქვეყნის მდგომარეობა, მაგრამ რწმუნდება, რომ მისი ზრუნვა არაფრის მომცემია, რადგან ეს სახელმწიფო წყობა თავის მთავარ ფუნქციას არ ასრულებს. ის ვერ უზრუნველყოფს მშვიდობას, უშიშროებას, ხალხის უფლებებსა და კეთილდღეობას. სახელმწიფო მოღვაწეობით იმედგაცრუებული ფაუსტი ეძებს ახალ გზებს. ის გადადის მშვენიერების სამყაროში, ირთავს მშვენიერ ელენეს. ფაუსტი ვერც აქ იპოვის რასაც ეძებს. ელენესგან მას ეყოლება შვილი ევფორიონი. ეს ეპიზოდი სიმბოლურად გვიჩვენებს შემდეგს − ფაუსტი გაურბის ფეოდალური ბიურგერული გერმანიის სინამდვილეს. ელენესთან მისი კავშირი სიმბოლურად გამოხატავს მისწრაფებას, შეერწყას ანტიკური კულტურის ესთეტიკურ-მშვენიერ ფორმას, თანამედროვე იდეალებს. ევფორიონი, დედის სილამაზითა და მამის სულიერი „აფეთქებით“ შემკულია. ცდილობს აფრენას და იმტვრევა სასიკვდილოდ. ფაუსტს სურს მშვენიერი ელენეს შენარჩუნება, მაგრამ ელენე ქრება. აქ, გოეთე ნათლად ასახავს თანამედროვე ცხოვრებისეული შინაარსის ანტიკური ხელოვნების ფორმებთან შერწყმის შეუძლებლობას. შეიძლება შეინარჩუნო ანტიკური ხელოვნების ფორმა, მაგრამ ვერ ააღორძინებ სულს. ვინაიდან, თანამედროვე ცხოვრება წინააღმდეგობრივია და კონტრასტულია იმ ჰარმონიასთან, რომელიც დამახასიათებელი იყო ანტიკური ხელოვნებისათვის.

შემდეგ ეპიზოდში ფაუსტი მონაწილეობს ომში. აქ გოეთე აჩვენებს ომის ქურდულ, მტაცებლურ ხასიათს, ამხელს არაადამიანობას, იმ გაუსაძლის პირობებს, რომელშიც მმართველები აყენებენ ხალხს ომის დროს. იმპერატორი, ომში დახმარებისათვის მადლობის ნიშნად, ფაუსტს დიდ ტერიტორიას აძლევს. ფაუსტი გადაწყვეტს, აქციოს ის აყვავებულ მიწად. მას სურს ბუნების გარდაქმნა ხალხის საკეთილდღეოდ. ფაუსტი ბოლოს შეიცნობს ცხოვრების იმ საზრისს, რომელსაც ეძებდა. დადგა დრო, როცა განხორციელდა მისი იდეალი, მან შეიცნო ცხოვრების უმაღლესი ფორმა და ადამიანის არსებობის არსი. ცხოვრების არსი ფაუსტისათვის მდგომარეობს ხალხის კეთილდღეობისათვის შემოქმედებით მუშობაში. ის ოცნებობს, რომ მის გარდაქმნილ მიწაზე იცხოვრებენ თავისუფალი ადამიანები, რომლებიც მიბაძავენ მას და დაუღალავად იშრომებენ მომავალი კარგი ცხოვრებისთვის.

ფაუსტის ტრაგიზმი იმაში მდგომარეობს, რომ თავისი შესანიშნავი გეგმის განხორციელებაში მარტოა. ხალხს არ აქვს გაცნობიერებული, რისთვის შრომობენ. ისინი ფაუსტის სურვილს ასრულებენ. ფაუსტს ჰგონია, რომ მიზანთან მიახლოებულია, მაგრამ, სინამდვილეში, შორს არის მიზნისგან. მოხუც, დაბრმავებულ ფაუსტს ესმის ფეხის ხმა და ჰგონია, რომ იმ სამუშოს აკეთებენ, რომელიც ჩაიფიქრა, სინამდვილეში კი, საშინელი ურჩხულები, ლემურები უთხრიან საფლავს.

მაკა ვასაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები