ეგმონტი (გოეთე)
„ეგმონტი“ – იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ისტორიული დრამა.
„ეგმონტის“ სიუჟეტად ნიდერლანდების ესპანეთთან თავისუფლებისათვის ბრძოლის ამბავი აიღო (XVI ს. მეორე ნახევარი). მთავარი გმირი ისტორიულია, მაგრამ გოეთემ ხასიათი მთლიანად შეცვალა. ისტორიულად ეგმონტი მოხუცი ადამიანი, მრავალშვილიანი ოჯახის მამა იყო. გოეთესთან ახალგაზრდა და უცოლოა. ისტორიული ეგმონტი თავისუფლებისათვის ბრძოლისას ორაზროვან როლს თამაშობდა. ისტორიული სიუჟეტების გამოყენებით გოეთე თანამედროვე პრობლემებს ასახავდა. პიესა ნათლად წარმოაჩენს, რომ გოეთე გრძნობდა, აცნობიერებდა ევროპაში მომწიფებულ რევოლუციას (პიესა დაიწერა 1788-ში, საფრანგეთის რევოლუციის წინა წელს). ეგმონტის სახეში თავად გოეთეს შეხედულებებიც იკითხება. ჩვენ გვესმის ყოფილი შტურმერის ხმა, რომელიც შეეგუა არსებულ სინამდვილეს. ეგმონტი ეუბნება ამბოხებულ ხალხს: „შეინარჩუნეთ სიმშვიდე, არ გააღიზიანოთ მეფე, რადგან ძალა მის მხარესაა. ყოველ წესიერ ნიდერლანდელს, თუ პატიოსნად შრომობს, აქვს იმდენი თავისუფლება, რაც სჭირდება“. ეგმონტს ორსახოვანი პოზიცია აქვს. მას სურს მშვიდობა, რათა დაეწაფოს ცხოვრების სიკეთეს. ამავე დროს, ხედავს ხალხის მძიმე მდგომარეობას, თანაუგრძნობს მათ, ომის თავიდან აცილება სურს. მას მართლა უნდა ხალხის მდგომარეობის შემსუბუქება, მაგრამ ბრძოლისა და ძალადობის გარეშე. ეგმონტი _ გახსნილი და პირდაპირი ბუნების ადამიანია, ის არ არის და არც სურს იყოს პოლიტიკოსი. მას უნდა დაეწაფოს ცხოვრებას მაშინაც კი, როცა მთელი ხალხი იტანჯება. მოთხოვნილება ბედნიერების, სიხარულის იმდენად ძლიერია მასში, რომ არ სურს იმ დრომდე მოცდა, როცა ცხოვრების სიკეთე ყველასთვის მისაღწევი იქნება. ეგმონტი ინდივიდუალისტია, ეგოისტია. რატომ უყვარს ხალხს ეგმონტი? იმ პირობებში, როცა ხალხი მიწასაა მიჯაჭვული, ვერავინ ბედავს პირდაპირ თქმას, არ ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ. ეგმონტი ცხოვრობს თავისუფლად, მოქმედებს საკუთარი სურვილების მიხედვით, არ ხრის ამაყ თავს, თავისუფლად გამოხატავს აზრებსა და გრძნობებს. მან თავისუფლებას საზოგადოებაზე, ხალხის კეთილდღეობის ზრუნვაზე ფიქრის უარყოფით მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ეგმონტი ხალხის სიკეთისათვის არ იკლავს თავს, ხალხს ის უყვარს, რადგან მასში იდეალის სიმბოლოს ხედავენ – როგორი უნდა იყოს ადამიანი, როცა თავისუფლება ყველასთვის მისაწვდომი იქნება.
გოეთეს სურს თავისუფალი ადამიანის იდეალი აჩვენოს, გააღვიძოს ხალხში თავისუფლებისა და გაერთიანებისაკენ სწრაფვა. პიესაში მოქმედება ისე ვითარდება, რომ ეგმონტს აღარ შეუძლია ბრძოლას განუდგეს. ესპანელები ხედავენ საშიშროებას ეგმონტისნაირ ადამიანში, რომელსაც ეზიზღება ისინი და თავისი ქმედებით დაუმორჩილებლობის მაგალითს აძლევს დანარჩენებს. ეგმონტს იჭერენ, ხალხი მას არ ივიწყებს. პატიმარი ეგმონტი ხალხის გათავისუფლების მედროშედ იქცა, მასში შინაგანი გარდატეხა ხდება. იგი ხვდება, რომ მისი ბედი დაკავშირებულია ხალხის ბედთან. ეგმონტის ტრაგიკული ბედი წარმოაჩენს, რომ ცალკეული ადამიანებისთვის შეუძლებელია რეალური თავისუფლება, როცა საზოგადოებაში მეფობს ტირანია. სიკვდილის წინ ეგმონტი ამას გააცნობიერებს. თუ მას არ შეუძლია მოკვდეს ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ის უნდა მოკვდეს როგორც მებრძოლი.
ტრაგედიის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ პიროვნების თავისუფლება დაკავშირებულია საზოგადოების თავისუფლებასთან. პიესაში ნათლადაა გამოხატული, რომ ხალხის სწრაფვა თავისუფლებისაკენ არ შეიძლება შეაჩერო. სიკვდილის წინ ეგმონტი ამბობს: „სიხარულით მიეცით თქვენი სიცოცხლე ყველაზე ძვირფასს – თავისუფლებას. რის მაგალითსაც მე გაძლევთ“. ეგმონტის გვერდით გოეთე ხატავს ხალხიდან გამოსული შესანიშნავი გოგონას − კლერჰენის სახეს. მასში გაერთიანებულია ხალხის სული. კლერჰენს უყვარს ეგმონტი. კლერჰენი გადაწყვეტს, გაიზიაროს შეყვარებულის ბედი და მოკვდეს მასთან ერთად.
ეგმონტს უპირისპირდება ფრთხილი და პურიტანულად ასკეტური პრინცი ვილჰელმ ორანსკი. ის საზოგადო მოღვაწეა, მისი ინტერესებიც მიმართულია ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებისაკენ, მაგრამ მისი პოლიტიკა შემგუებლურია. პრინცი თვლის, რომ შექმნილ მდგომარეობაში საშიშია გახსნილად მოქმედება. მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად, მის დასაბნევად ორანსკი არჩევს დიპლომატიას, პოლიტიკურ ეშმაკობას. მისი მიზანი კეთილშობილურია, მაგრამ ამ მიზნისაკენ ხვეული გზებით მიდის. პრინცი უარყოფს პირადულს ხალხის, საზოგადოების კეთილდღეობის სასარგებლოდ. გოეთეს სიმპათია უფრო ეგმონტის მხარესაა. ხალხს სჭირდება ეგმონტიც და ვილჰელმ ორანსკიც. მოწინააღმდეგეთა ბანაკიდან „რკინის ჰერცოგი“ ალბასა და მარგარიტა პარმელის სახეებში ხორცშესხმულია სიმკაცრე, სისასტიკე, წაყრუება თავისუფლების მომთხოვნთა მიმართ.
გოეთემ „ეგმონტი“ ცოცხალი, სალაპარაკო ენით დაწერა. მოქმედებ სხვადასხვა ადგილზე ვითარდება და სხვადასხვა ფენის ადამიანები მონაწილეობენ. სახალხო სცენები მკაფიოდ და ნათლადაა ასახული.
მაკა ვასააძე
წყარო
- მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II[[კატეგორია:გოეთე]