ბარტოკი ბელა
ბარტოკი ბელა - (Bartok) (25. III. 1881, ნადსენტმიკლოში, ტრანსილვანია, – 26. IX. 1945, ნიუ-იორკი), უნგრელი კომპოზიტორი, პიანისტი, მუსიკისმცოდნე-ფოლკლორისტი, პედაგოგი.
1899-1903 სწავლობდა ბუდაპეშტის მუსიკალურ აკადემიაში ფორტეპიანოსა და კომპოზიციის სპეციალობით. 1907-იდან თვითონ იყო მისი პროფესორი (ფორტეპიანოს კლასი). 1919-იდან საავტორო კონცერტებს მართავდა ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. 1940-იდან ბარტოკი ნიუ-იორკში ცხოვრობდა. თავის მეგობარ ზ. კოდაისთან ერთად ბარტოკი უნგრული მეცნიერული მუსიკის ფოლკლორისტიკის ფუძემდებელია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის მიერ ჩაწერილ და გამოქვეყნებულ უნგრული ხალხის სიმღერათა კრებულებს. მსოფლიო სახელი მოუხვეჭა ბარტოკს საოპერო, საბალეტო, საორკესტრო და კამერულმა ნაწარმოებებმა, საფორტეპიანო კონცერტებმა. ბარტოკი ერთ-ერთი უდიდესი ფიგურაა XX ს-ის მუსიკის ისტორიაში, მან ძლიერი ზეგავლენა მოასდინა მრავალი კომპოზიტორის შემოქმდებაზე.
ბარტოკის უმთავრესი ნაწარმოებებია:
- ერთმოქმედებიანი ოპერა „ლურჯწვერა ჰერცოგის სასახლე“ (1918),
- ბალეტი „ხის პრინცი“ (1917),
- ბალეტი-პანტომიმა „სასწაულებრივი მანდარინი“ (1926),
- საცეკვაო სიუიტა (1923),
- „მუსიკა სიმებიანთა, დასარტყმელთა და ჩელესტისათვის“ (1936),
- კონცერტი ორკესტრისათვის (1943),
- 3 საფორტეპიანო კონცერტი (1926-31-45),
- 2 კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის,
- საფორტეპიანო კვარტეტი,
- 6 სიმებიანი კვარტეტი (1908-39),
- სონატა 2 ფორტეპიანოსა და დასარტყმელთათვის (1937),
- გუნდები, ვოკალური ციკლები და სხვ. (გ. ტორაძე)
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")