ცენტრი (გეომეტრია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცენტრი

1. წირის, ზედაპირის ან სხეულის სიმეტრიის ცენტრი.

2. წერტილი, რომლის რაიმე მიდამოში მოცემული დიფერენციალური განტოლების ყველა ინტეგრალური წირი არის ჩაკეტილი და ამ წერტილს მოიცავენ თავის შიგნით.

3. ორი მსგავსი და მსგავსად განლაგებული ფიგურის მსგავსების ცენტრი – S წერტილი, რომელშიც იკვეთება წყვილ-წყვილად შესაბამისი (მაგალითად, A და A’, B და B’, C და C’) წერტილების შემაერთებელი წრფეები.

ტერმინი ბერძნული წარმოშობისაა – kentron (წერტილი, შუა წერტილი) აღნიშნავდა ჯოხს წაწვეტებული ბოლოთი, რომლითაც ერეკებოდნენ ხარებს, შემდგომ აღნიშნავდა ფარგლის ფეხს, რომელიც მოთავსებულია შემოწერილი წრეწირის ცენტრში. ამ ტერმინს ევკლიდე უწოდებდა წრეწირის ცენტრს და სფეროს ცენტრს, ხოლო არქიმედე – ელიფსისა და ელიფსოიდის ცენტრს. ევკლიდემდე ეს ტერმინი არ იყო წმინდა გეომეტრიული ტერმინი.

მეორე რიგის ზედაპირების ცენტრმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეილერის გამოკვლევებში, ხოლო შემდგომ – მონჟისა და აშეტის შრომებში. ცენტრი, როგორც დიფერენციალური განტოლების განსაკუთრებული წერტილის სახელი, შემოიღო პუანკარემ.


ცენტრი – სიმეტრიის ცენტრი
სიბრტყის ან სივრცის წერტილი, რომლის გარშემო რაიმე კუთხით მობრუნებისას გეომეტრიული ფიგურა შეუთავსდება თავის თავს.

ფიგურებს, რომელთაც გააჩნიათ სიმეტრიის ცენტრი, ეწოდება ცენტრალური; ასეთებია: წრე, ელიფსი, ჰიპერბოლა, ელიფსოიდი, ცალკალთა ჰიპერბოლოიდი, პარალელოგრამი და სხვ.


ცენტრი – სიმრუდის ცენტრი
წირის მოცემულ წერტილში გავლებული მიმხები წრეწირის ცენტრი.


ცენტრი - ჰომოლოგიის ცენტრი
პროექციული სიბრტყის ერთადერთი უძრავი წერტილი ჰომოლოგიური გარდაქმნისას; შეიძლება იყოს საკუთრივი ან არასაკუთრივი წერტილი, ე.ი. უსასრულოდ დაშორებული.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები