ხახანაშვილი ალექსანდრე
ხახანაშვილი ალექსანდრე – (1866 – 1912), ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგი ფსევდონიმი – ს. პავლიაშვილი. დაიბადა გორში. 1884 წელს დაამთავრა ტფილისის გიმნაზია რის შემდეგაც სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტზე. 1889 წლიდან პრივატდოცენტის ხარისხში კითხულობდა ლექციებს ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ხოლო 1900 წლიდან – მოსკოვის უნივერსიტეტში.
ა. ხახანაშვილმა შექმნა ქართული ლიტერატურის პირველი სისტემური კურსი ნაშრომით – „ქართული სიტყვიერების ისტორია“ (ტ. 1-4, 1895–1907). I ტომში, რომელიც 1895 წ. გამოიცა მოსკოვში, ხოლო 1904 წ. დაიბეჭდა ქართულად, ეროვნული ფოლკლორის მრავალი საკითხია აღძრული. მოცემულია ზეპირსიტყვიერების ჟანრების დახასიათება. ისტორიული სკოლის მიმდევარი იყო. ძირითადად ისტორიულ-შედარებითი მეთოდი ხელმძღვანელობდა.ალ. ხახანაშვილმა მხარი დაუჭირა ზეპირსიტყვიერების განვითარების ტრადეუციულ სქემას: მითიური, გმირული, ისტორიული პერიოდებით. წერილში „საერო პოეზია“ („მოამბე“, 1894 წ., № 10) ხალხურ პოეზიის წარმოშობა-განვითარების საკითხებს მითოლოგიური თეორიის მიხედვით აშუქებდა.
საყურადღებო შეხედულებები აქვს გამოთქმული ალექსანდრე ხახანაშვილს ფოლკლორელ ლიტერატურულ ურთიერთობაზე (ხალხური გეფხისტყაოსანი, ამირან-დარეჯანიანი) და სასულიერო პოეზიის ძეგლების ჩამოყალიბებაზე ქართულ ფოლკლორში. ალექსანდრე ხახანაშვილი ფოლკლორულ-შემკრებლობით მუშაობასაც ეწეოდა აღმოსავლეთ საქართველოსა და ყიზლარში. მისი ჩაწერილი ტექსტები გამოქვეყნებულია ჟურნალ- გაზეთებმი („ივერია“, „ჯეჯილი“, „ფასკუნჯი). ალ. ხახანაშვილის დამოკიდებულება ფოლკლორთან ძირითადად მისი საკვლევაძიებო ინტერესებით განისაზღვრება.
მისი ინიციატივითა და მატერიალური დახმარებით 1911 წელს მოსკოვში „ქართული მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოება“ ჩამოყალიბდა. სულ გამოცემული აქვს 80–მდე ნაშრომი საქართველოს ისტორიის, ლიტერატურისა და ეთნოგრაფიის დარგებში, ქართულ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. მწერალ დავით კასრაძის ცნობით, ა.ხახანაშვილი დაინტერესებული ყოფილა იმით, რომ „თანამედროვე ქართულ პოეზიაში რიტორიკული ლექსები არ არსებობდა და ამ მიზნით დაიწყო მან ლექსების წერა“ მას ს. პავლიაშვილის ფსევდონიმით ლექსები გამოუქვეყნებია გაზეთებში: „კოლხიდა“ (ქუთაისი) და „კვალი“. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
- ცრემლი
- ვხედავ რა მართალს, უბრალოდ დასჯილს, –
- ღონე არ შემწევს მის საშველათა,
- მაშინ მღელვარე ცრემლი გადმომდის
- და ამას ვიხდი ტანჯვის წამლათა.
- თუ მომავალსა თვალს გავუსწორებ,
- აზრი მერევა იმედ-მიხდილსა,
- აჩქროლებული, გულამოსკვნილი
- საოხათ ვაფრქვევ ცხარე ცრემლებსა.
- წარსულში ვეძებ სევდის მალამოს,
- მსურს მოგონებით სულს მივცე შვება,
- ამაოთ! იგიც შავს ზოლს მოუცავს _
- ცრემლთ ნაკადული გულს მომაწვება.
- რაკი ბუნების მშვენიერებაც
- აღარ აყუჩებს მოსეულ ტალღას, -
- მაშინ უფალსა მუხლ-მოდრეკილი
- ცრემლით ვევედრი ჩემს შებრალებას.