ბერგი ალბან
ბერგი ალბან - გერმ. Alban Berg, (9. II. 1885, ვენა, – 24. XII. 1935, იქვე), ავსტრიელი კომპოზიტორი, ექსპრესიონისტული მუსიკის, „ვენის ახალი სკოლის“ თვალსაჩინო წარმომადგენელი. ა. შონბერგის მოწაფე და მიმდევარი.
ადრინდელ პერიოდში განიცდიდა რ. ვაგნერის, რ. შტრაუსის, გ. მალერის გავლენას. მისმა შემოქმედებამ მნიშვნელოვანი სტილისტური ევოლუცია განიცადა.
ფართო აღიარება მოუტანა ოპერა „ვოცეკმა“ (1917-21, რომელიც დაიდგა ბერლინში 1925, ლენინგრადში – 1927), მას საფუძვლად დაედო მე-19 ს. გერმანელი მწერლის, გ. ბიუხნერის დრამა. თემაა „პატარა ადამიანის“ ტრაგედია. „ვოცეკი“ მე-20 ს. საოპერო დრამატურგიის ერთ-ერთი მწვერვალია. მუსიკალური ენა დისონანსური, ატონალურია, ზოგი ეპიზოდი აგებულია დოდეკაფონიის პრინციპზე. ფართოდ არის გამოყენებული ლაიტმოტივების სისტემა.
მეორე ოპერა „ლულუ“ (ფ. ვედეკინდის პიესების მიხედვით დაუმთავრებელი, დაიდგა 1937, ციურიხში) მთლიანად დოდეკაფონიური ტექნიკითაა დაწერილი. მასში შეთავსებულია ექსცენტრიკულ-გროტესკული და ნატიფი ლირიკული სახეები. ბერგის ერთ-ერთი საუკეთესო ბოლო ნაწარმოებია სავიოლიონო კონცერტი (1935). იგი არის აგრეთვე ავტორი რიგი სხვა ნაწარმოებისა, რომელთა შორისაა: კამერული კონცერტი (1925), სიმებიანი კვარტეტი (1910), ლირიკული სიუიტა სიმებიანი კვარტეტისათვის (1926), სიმღერები ხმისა და ფორტეპიანოსათვის და სხვ.
ბერგი სერიული ტექნიკის ერთ-ერთი შემქმნელია. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ულტრათანამედროვე ხერხების, მათ შორის – კოლაჟის გამოყენება, შექმნა კამერული ანსამბლის ახალი ტიპები.