ლოცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლოცვა -(ეტიმ. პროვანს. pregueira (ნაწარმოებია ლათინურიდან precarius „ლოცვებით მოხვეჭილი“). ღმერთთან საუბარი, ვედრება ცრემლიანი თვალითა და სიტყვით. „ლოცვა არის სულის ამაღლება ღმერთთან ან საჭირო სიკეთეთა ღმრთისათვის თხოვნა“ (იოანე დამასკელი). ღმერთი დაუღლელად უხმობს თითოეულ ადამიანს მასთან იდუმალ შეხვედრაზე. ლოცვა თანსდევს ხსნის მთელ ისტორიას, ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთმოხმობის სახით. ძველ აღთქმაში ღმრთის ხალხის ლოცვა აღთქმის კიდობნისა და ტაძრის ჩრდილში ვითარდება, მოძღვართა და წინასწარმეტყველთა ხელმძღვანელობით; მისი უმაღლესი ნიმუშია ფსალმუნები.

ახალ აღთქმაში ლოცვის სრულყოფილი ნიმუშია იესოს ლოცვა მამა ღმრთისადმი. მარტოობაში, სიჩუმეში აღვლენილი იესოს ლოცვა გამსჭვალულია სიყვარულით აღსავსე მინდობით მამა ღმრთის ნებისადმი თვით ჯვარცმამდე და სრული რწმენით იმისა, რომ ეს ლოცვა შესმენილ იქნება. თავის სწავლებაში იესო მოუწოდებს მოწაფეებს, ილოცონ გაწმედილი გულით, ცხოველი და მტკიცე რწმენითა და შვილობრივი სითამამით. იესო მოუხმობს მოწაფეებს, იფხიზლონ და მისი სახელით მიმართონ თავიანთი ლოცვები ღმრთისადმი. იესო ქრისტე თავად შეისმენს მისადმი მიმართულ ლოცვებს.

"უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" - ამ ლოცვას 2000 წლის ისტორია აქვს. წმინდა მამების აზრით, იგი მისტიკური ძალისა და მნიშვნელობის მქონეა. მას იმეორებდნენ წმინდა მოციქულები და წმინდა მამები. იესოს ლოცვას ვლოცულობთ, როგორც ხმამაღლა, ასევე - გულში. იგი შეგვიძლია ვიმეოროთ ნებისმიერ მდგომარეობაში - ვზივართ თუ ვწევართ, ვჭამთ თუ ვმგზავრობთ, გვიჭირს თუ გვილხინს.

ქრისტიანულ ლოცვას მრავალი გამოხატულება აქვს: თხოვნის ლოცვის საგანია პატიება, ღმრთის სასუფევლის ძიება, ყოველი ნამდვილი საჭიროება; მფარველობის ლოცვა სხვისთვის აღვლენილი თხოვნაა; ის არ ცნობს საზაღვრებს და მტრებზეც კი ვრცელდება; სადიდებელი ლოცვა მოკლებულია ყოველგვარ პიროვნულ ინტერესს და მთლიანად ღმერთზეა კონცენტრირებული. ამ ლოცვით ადიდებენ ღმერთს, მხოლოდ იმისათვის, რომ იგი არსებობს, დამოუკიდებლად ყოველივე იმისაგან, რასაც ღმერთი აკეთებს.


წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ. ლექსიკონი ქართული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები