მდგნალი
მდგნალი – (Salix caprea L.); ოჯახი: ტირიფისებრნი (Salicaceae).
მეგრულად – კატუჯვარი, კატუჯვარიში ჯა.
6-10 მ სიმაღლის ხეა ან ბუჩქი. ერთწლიანი ტოტები მორუხოა. ფოთლები დიდია, ფართო, ელიფსური, ზედა მხრიდან შიშველია, მუქი მწვანე, ქვედა მხარე ქეჩისებური შებუსვის გამო ლეგა ფერისაა, კიდეები დაკბილულია. კვირტები დიდი ზომისაა, იშლება გაფოთვლამდე. ყვ. ნაყ. IV-V. მცენარე იზრდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე, ტყისპირებში, ხევებში, რუებისა და არხების გაყოლებით. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგას. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
ერთწლიანი ყლორტები მომწვანო-რუხი ან მოყვითალო-მურაა, მოკლე ბუსუსებით, უფრო იშვიათად – შიშველი.
ყვავის აპრილში. ნაყოფი მწიფდება მაის-ივნისში, მდგნალი ტირიფის სახეობაა. ხის იერსახე ცვალებადია და დამოკიდებულია ტყის ფარდის განათებასა და ნიადაგის სიმდიდრეზე.
ფართოფოთლოვანი ტყეებისა და ტყე-სტეპის ზონებში ღეროს დიამეტრი ძირთან 30 სმ-ს და მეტს აღწევს. ყველაზე ადრე სახლდება მინდვრებზე, განაკაფებზე და ქალაქის გაზონებზე. ჭრისას განახლდება ამონაყარით და თესლით. არცთუ იშვიათად მდგნალი გვხვდება მდინარეების ხეობებშიც, მაგრამ აქ არც ისე ტენიანი ნიადაგები უყვარს.
მდგნალი საუცხოო საადრეო თაფლის მასალაა.
ბუჩქია ან 10 მ-მდე სიმაღლის ხე, რუხი ან მურა ფერის ტოტებით, რომელიც კვერცხისებრი მოხაზულობის, ელიფსური ან ლანცეტა კიდედაკბილული ფოთლებითაა შემოსილი, ზედა მხარე მუქი მწვანე ფერისა, დანაოჭებული და შიშველი, კიდეებზე უთანაბროდ დაკბილული, ქვედა მხარე – შებუსვილი და მოთეთროა, უფრო იშვიათად – შიშველი და ლეგა მწვანე. ყვავილები უყვავილსაფროა, ორსახლიანი, მჭადებად შეკრებილი. მამრობითი ყვავილედი მჯდომარეა და ძირში პატარა ფოთლებია აქვს განვითარებული, მდედრობითს კი მოკლე ყუნწი გააჩნია. ნაყოფი ერთბუდიანი კოლოფია, მომწიფებისას ორ ნაწილად სკდება. თესლი წვრილია, საფრენი ბეწვებითაა შემოსილი. ყვ. IV ფოთლების გამოტანამდე; ნაყ. V-VI.
იზრდება ზღვის დონიდან სუბალპურ სარტყლამდე, ტყის პირებზე, რუების გასწვრივ, ტყეებში.
სამკურნალო საშუალებების ნომენკლატურის გაფართოებისათვის, მცენარეული ობიექტებიდან ერთ-ერთია ტირიფის სახეობები, რომლებიც ხასიათდებიან შემკვრელი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებით, რომლებიც უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ხალხურ მედიცინაში და დღესაც ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ბიოლოგიური აქტიური დანამატების შემადგენლობაში. ამჟამად ოფიცინალურ მედიცინაში ფართოდ იხმარება თეთრი ტირიფი, სხვა სახეობები კვლევის პროცესშია.
მდგნალის ქერქი დიდი რაოდენობით შეიცავს მთრიმლავ ნივთიერე¬ ბებს, ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, ფენოლგლიკოზიდებს; აღნიშნულ
ნივთიერებებს შეიცავს ფოთლებიც, თუმცა შედარებით მცირე რაოდენობით. ყვავილებსა და ფოთლებში აღმოჩენილია ვიტამინები, საპონინები, ორგანული მჟავები, ლიპიდები, დაფიქსირებულია აზოტის შემცველი შენაერთებიც, პროანთოციანიდები, კატეხინები და ეთერზეთები.
მდგნალის ნახარშები და ნაყენები ხასიათდება სისხლშემაჩერებელი, შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედებით. მცენარე ფასდება მისი ჭრილობების შემახორცებელი და მატონიზირებელი თვისებებითაც.
ქერქის ნახარში გამოიყენება რევმატიზმის, ყივანახველის, ციებ-ცხელების დროს. წარმატებით კურნავს თავის ტკივილს და ნევრალგიას, რეკომენდირებულია ნიკრისის ქარის, სხვადასხვა სახის სისხლდენის, კუჭ-ნაწლავისა და ნწყლულოვანი დაავადებებისას, ნერვულ-ფსიქიკური აშლილობის, ვენების ვარიკოზული გაფართოები, ტრომბოფლებიტის, ტუბერკულოზის სამკურნალოდ. მოქმედებს როგორც ანტიჰელმინტური საშუალება. გარეგანად მცენარე გამოიყენება ყელის გამოსავლებად და ღრძილებიდან სისხლდენისას. ნახარშის საფენები შველის კანის დერმატიტებს. ნედლეულს ფხვნილის სახით იყენებენ დასაფრქვევად წყლულებზე, ჭრილობებზე, ძირმაგარებზე. ასევე ეფექტური საშუალებაა მაღალი ოფლიანობისას. აზიურ ქვეყნებში იყენებენ ტემპერატურის დასაწევად გაციებისას. აქვს გამოკვეთილი სედატური თვისებები, რაც საშუალებას იძლევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობისას. ნახარში რეკომენდირებულია ჰიპერტონიისა და თირკმელების დაავადებებისას.
მრავალ ქვეყანაში მდგნალი ცვლის ქინინს და ასპირინს, რომელიც მიღებული იყო ამ მცენარისგან. და რაც მნიშვნელოვანია ხასიათდება უნივერსალური საერთოგამაძლიერებელი და იმუნიტეტის აღმდგენი მოქმედებით. ხელს უწყობს ადამიანის სწრაფად გამოჯანმრთელებას. ასევე მიზანშეწონილად მიაჩნიათ სპეციალისტებს მისი გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით.