ვოიცეკი (ბრიუხნერი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ვოიცეკი“ – გერმანელი დრამატურგის გეორგ ბიუხნერის პიესა.

უბრალო ხალხის წარმომადგენელი ინდივიდის, ადამიანის მძიმე, გაუსაძლისი მდგომარეობაა ასახული ბიუხნერის პიესაში - „ვოიცეკი“. ნაწარმოების სიუჟეტი რეალურ ამბავზეა აგებული - იოჰან ქრისტიან ვოიცეკმა, ლაიფციგელმა დალაქმა, შეყვარებულისადმი ეჭვიანობის ნიადაგზე მკვლელობა ჩაიდინა, რის გამოც სიკვდილით დასაჯეს. პიესა, რომელზეც ბიუხნერი სიცოცხლის ბოლო წელს მუშაობდა, დაუმთავრებელი დარჩა და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა.

რომანტიკოსთა ქმნილებათა ცენტრში მყოფი გამორჩეული, განსაკუთრებული გმირი ბიუხნერმა „ვოიცეკში“ ჩაანაცვლა არმიის უბრალო დალაქით - ღარიბი, გაუნათლებელი და ენაბლუ, მოვალეობებს დაქვემდებარებული, სრული უუფლებობით დასახიჩრებული - ადამიანით.

დრამატურგმა პიესაში აჩვენა, რომ ვოიცეკის გარშემო არსებული სამყარო უბრალო ადამიანისადმი მტრულად არის განწყობილი. ექიმი, კაპიტანი, ტამბურმაჟორი, რომელთანაც მარიამ უღალატა ვოიცეკს, დარწმუნებულნი არიან თავიანთ უპირატესობაში, თითქმის უენო ჯარისკაცზე, რომელიც მზად არის, ყველაფერი გააკეთოს, თუნდაც მცირე თანხის მოსაპოვებლად. სინამდვილეში, უცნაურად მგრძნობიარე ვოიცეკი, მარიამისადმი გულწრფელი, სუფთა სიყვარულით და მათ უკანონო შვილზე მუდმივი მზრუნველობით, ერთადერთი მორალური არსებაა მთელ პიესაში. ექიმი და კაპიტანი იმ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან, რომელშიც ვოიცეკისთვის ადგილი არაა, ისინი ამცირებენ მას, ცდილობენ, საბოლოოდ გაანადგურონ მასში ადამიანური ღირსება. ისინი, ფაქტობრივად, ვოიცეკზე ძალადობენ.

ბიუხნერს „ვოიცეკში“ წინა პლანზე წამოწეული აქვს, ის საზოგადოებრივ-სოციალური მდგომარეობა, რომელშიც ვოიცეკი - პერსონაჟი ცხოვრობს, მოქმედებს. დრამატურგი პერსონაჟის ფსიქოლოგიურ, ავადმყოფურ ცნობიერებას, რომელითაც შესაძლოა მარიას მკვლელობა აიხსნას, აფერმკრთალებს. ბიუხნერი ვოიცეკის სასოწარკვეთამდე მიყვანას, თითქმის ჭკუიდან შეშლას, არა იმდენად მარიას ღალატს, რამდენადაც იმ სოციალურ წყობას, ყოფას აბრალებს, რომელშიც მისი გმირი ცხოვრობს. მარიას მკვლელობა - თავისებური პროტესტია, თითქოს ჩაგვრისგან, უუფლებობისგან სასოწარკვეთილი ადამიანის სულიდან აღმომხდარი კივილია. ავტორმა ნაწარმოებში ნათლად ასახა საზოგადოების ფარისევლურ და ჭეშმარიტ მორალს შორის არსებული წინააღმდეგობანი და აქედან გამომდინარე, დაბალ სოციალურ საფეხურზე მდგომი ადამიანის ტრაგიკული ბედის გარდაუვალობა.

მ ბიუხნერმა „ვოიცეკის“ დასრულება ვერ მოასწრო, მთლიანი სახე პიესას გამომცემლებმა მისცეს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ნაწარმოები ფრაგმენტული ხასიათისაა. მიუხედავად ცალკეული სცენების დაუსრულებლობისა, მათი სწრაფი, მიზანმიმართული მონაცვლეობა მაღალმხატვრული ხარისხითაა გაკეთებული. პიესა, ფაბულით, სტილისტური და სტრუქტურული თვალსაზრისით, მომდევნო პერიოდში ჩამოყალიბებული მიმდინარეობის წარმომადგენლთა - ექსპრესიონისტთა - ნაწარმოებებს მოგვაგონებს. „ვოიცეკში“ არსებული პიროვნების ნიველირების, დაშლის, ნგრევის პრობლემატიკა, დღესაც, თითქმის 2 საუკუნის შემდეგაც, უაღრესად აქტუალურია, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მას ძალიან ხშირად ახორციელებდნენ XX საუკუნეში და დღესაც, XXI საუკუნეში დგამენ.

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები