ღანძილი
ღანძილი – (Allium ursinum L.); ოჯახი: ხახვისებრნი (Alliaceae). ბოლქვები მოგრძოა, გარსი სიფრიფანაა ბადისებური დაძარღვით. ღერო სამწახნაგოვანია. ფოთლის ფირფიტა ლანცეტაა ან მოგრძო. თავწაწვეტებული, ძირში ყუნწად შევიწროებული. ყვავილედი სფეროსებურია. ყვავილსაფარი ვარსკვლავისებურია, ფოთლები – თეთრი. ყვ. ნაყ. III-V. კახეთის რეგიონში ერთ-ერთი ცნობილი და ეკონომიკურად ღირებული მცენარეა, გავრცელებული ტყის ქვედა და შუა სარტყლებში, დაჩრდილულ ტყეებში გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია სოფელ თეთრწყლების მიდამოებში, მდინარე ალაზნის ჭალაში.
ბორეალური, დასავლეთ-ევრაზიული სახეობაა. აწერილია კუნძულ გოტლანდიიდან (Гроссгейм, 1985; Фл. СССР, 1935).
საერთო გავრცელება: სკანდინავია, ატლანტური ევროპა, დას. ხმელთაშუაზღვეთი, ბალყარეთი, მც.აზია.
კავკასია: იმიერკავკასია; ამიერკავკასია: სომხეთი.
თბილისის მიდამოებში გვხვდება: უძოს მთაზე, კოჯრის მიდამოებში, მცხეთა, საგურამოს ქედზე, გლდანი-ცხვარიჭამიაში.
იზრდება წიფლნარებსა და რცხილნარებში, შედის ტყის ცენოზების შემადგენლობაში, გაზაფხულის (IV-V) სინუზიების სახით. გვხვდება დიფუზურად ჯგუფებისა და მცირე ლაქების სახით. ეტანება შედარებით ღრმა და ტენიან, ჰუმუსით მდიდარ ნიადაგებს, ირჩევს ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობებს.
ღანძილი ტიპიური ეფემეროიდული გეოფიტია, ტყის, ჰემიჰიგროფილური, ჩრდილის მოყვარული სახეობაა. გვხვდება ჭალის ტყეებიდან მთის შუა სარტყლამდე, მუხნარ, რცხილნარ და წიფლნარ ტყეებში, ზ.დ. 150-1500 მ სიმაღლემდე; თბილისის მიდამოებში დაფიქსირდა 800-1200 მ ფარგლებში. იზრდება ნოტიო ადგილებში, წყაროებისა და მდინარეების ველობებზე, ფერდობების ძირებში, თიხნარებსა და სილნარებზე, ქვიშნარ, ღორღიან, სუსტ მჟავე, ჰუმუსიან ნიადაგებზე, უპირატესობას ანიჭებს აზოტით მდიდარ ნიადაგებს. არც თუ იშვიათია, განსაკუთრებით წიფლნარ ტყეებში ზოგჯერ ქმნის ბალახეულ სინუზიას.
ძვირფასი კვებითი ღირებულების გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი აპრილ-მაისში მასიურად აგროვებს ამ მცენარეს, ხშირ შემთხვევაში ფოთლებთან ერთად ფესურებიც ნადგურდება, რის გამოც, იმ ადგილებში (ნორიო, კოჯორი, გლდანი), სადაც ადრე საკმაოდ უხვად გვხვდებოდა, დღეს მნიშვნელოვნად შემცირებულია. მცენარის გადარჩენის ერთ-ერთ გზას (ბუნებაში დაცვის გარდა) მისი ფართო მაშტაბით კულტივირება წარმოადგენს, მით უმეტეს, რომ სხვა ქვეყნებში ამის მაგალითები მრავალია.