გრემის ტრილინგვა
გრემის ტრილინგვა – სამენოვანი (სომხურ-ქართულ-სპარსული) წარწერა გრემის ერთ-ერთი უბნის – „თარსა გალავნის“ ეკლესიის დასავლეთ შესასვლელის ტიმპანის ქვაზე. სამივე წარწერა რელიეფურია. სომხური ტექსტი შესრულებულია ასომთავრულით, „ერკათაგირით“ (I0 სტრიქონი), ქართული – მხედრულით (13 სტრიქონი). სპარსული – ნასთალიკით (9 სტრიქონი). ტექსტების ძირითად ნაწილში ერთი და იგივე მეორდება, მაგრამ არის განსხვავებებიც. ტრილინგვის ქართული ნაწილის ტექსტი ასეთია:
„მე, ფრიად ცოდვილმან მათარსი, აღვაშენე კარის ეკლესია ესე ყოვლად წმიდისა, ბრძანებითა და შეწევნითა ძისა მისისა: და ჟამსა შინა მეფობასა მისისა – პატრონის ალექსანდრესითა, წელსა მეოცდასამესა, ქრონიკონსა სპა. და შევწირეთ კნინი შესაწირავი ესე: სამი კუამლი კაცი, ერთი წისქვილი, ერთი ვენაჴი და ორი ქულბაქი – საჴსრად სულისა ჩემისა. რამაცა ადამის მონათესავემან ამა ეკლესიაზედა მჯდომს კაცზედა ნასაღ ჴელი დადვას, ან ეს არ გაუთაოს, ღმერთმან მას ნურა გაუთაოს რა, ამინ კირიალეისონ“.
ქრონიკონით თარიღი შეესაბამება 1593-ს, ხოლო წარწერაში მოხსენიებული კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის (1574–1605) მეფობის 23-ე წელი – 1597-ს. წარწერის სომხურ და სპარსულ ნაწილში დასმულია ერთი და იგივე თარიღი – 1595. ეკლესიის ამშენებლისა და მისთვის შეწირულების გამცემის სახელი ქართულ და სპარსულ ტექსტში მათარსია, ხოლო სომხურ ნაწილში – მკრტიჩი, ძე ზაქარიასი, შვილიშვილი ქრისტონესი. სპარსულ ნაწილში აღნიშნულია მათარსის მეუღლის სახელიც – სანდუხტ სოლთან (ეს უკანასკნელი სიტყვა ახლავს ხოლმე ქალის ზოგიერთ სპარსულ სახელს – ა. შანიძე, ვ. ფუთურიძე). იგი ეკლესიის აშენების და წარწერის შესრულების დროს გარდაცვლილი ყოფილა. სახელი მათარსი არის დამახინჯებული ფორმა იერუსალიმში ნამყოფი პირის (მომლოცეელის, პილიგრიმის) აღმნიშვნელი ზედწოდებისა „მათესი“ (ლ. მელიქსეთ-ბეგი). ასევე, მის სახელს უკავშირებენ ნაქალაქარ გრემის ერთ-ერთი უბნის სახელს – „თარსა გალავანი“, სადაც მათარსის აშენებული ეკლესია დგას „[მა]თარსის გალავანი“.
გრემის ტრილინგვაში მოხსენიებული მათარსი ყოფილა კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის კარის მდივანიც. 1577 მას დაუწერია ალექსანდრე მეფის მიერ ჯორჯაძეებისათვის ბოძებული წყალობის წიგნი. მასვე მიიჩნევენ უფლისციხის 1585 ერთი სომხურ წარწერის ავტორად, რომელშიც იგი იხსენიება მკრტიჩ მათერის სახელით (ლ. მელიქსეთ-ბეგი).
გრემის ტრილინგვის სპარსული ნაწილის „პირველი ორი სტრიქონი წარმოადგენს ჰაზაჯე მაყსურის ზომით დაწერილს ლექსს, რობაიას“ (ა. შანიძე, ე. ფუთურიძე).
მ. სილოგავა
ლიტერატურა
- შანიძე ა. ფუთურიძე ე. სამენოვანი წარწერა გრემში. – «ენიმკის მოამბე», 1940, ტ. 5-6;
- ზაქარაია პ. ნაქალაქარ გრემის არქიტექტურა, თბ., 1975.