გურია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურია − დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულია გურია. დღევანდელი გურია მოიცავს ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონებს. გურიას ჩრდილოეთით სამეგრელო ესაზღვრება, სამხრეთიდან - აჭარა, აღმოსავლეთიდან - იმერეთი, დასავლეთიდან - შავი ზღვა. სამხრეთით გურიას საზღვარი სამცხესთანაც აქვს.

სარჩევი

ისტორია

პოლიტიკური თვალსაზრისით ზოგჯერ გურია უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა და იგი სამხრეთით ჭოროხის შესართავამდე აღწევდა. 1703 წელს გურიის სამთავრომ დაკარგა ბათუმისა და ჩაქვის მხარეები. ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შემდეგ (1774.) ოსმალეთმა თანდათან დაიპყრო ზემოხსენებული ტერიტორია, დაიწყო გამაჰმადიანების პროცესი, რომელიც XIX ს-ის 70-იან წლებამდე გრძელდებოდა. გურიის სამთავროში მომხდარმა ამ პოლიტიკურმა ცვლილებებმა ეთნოგრაფიული გურიის ტერიტორიული შემცირებაც გამოიწვია. XVIII ს-ის ბოლოსა და XIX ს. 30-40-იან წლებში ქვემო გურულები გამაჰმადიანდნენ და ქვემო გურიას ქობულეთი და ქვემო გურულებს ქობულეთელები ეწოდათ. იმ დროინდელ დოკუმენტებში არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც ერთი ოჯახისა და გვარის წევრები ნაწილი მაჰმადიანი და ნაწილი ქრისტიანი იყო (ჩხატარაიშვილი, 1985, გვ. 10).

გურია პირველად ქართველი ისტორიკოსის ჯუანშერის თხზულებაშია ნახსენები VIII ს-ის ამბების თხრობისას (ქც, 1955, გვ. 241). მეფე არჩილს გურიისა და საბერძნეთის საზღვარს შორის ციხე აუშენებია. იგივე ისტორიკოსი გურიას ახსენებს მურვან-ყრუს ლაშქრობების დროს (735-736 წწ.).

მეურნეობა

გურიის მეურნეობის ძირითადი დარგები მიწათმოქმედება და მევენახეობა იყო. მევენახეობა, ისევე როგორც სამეგრელოში, მაღლარი იყო. ვახუშტის სიტყვით, გურიაში „ღვინო კეთილი და შემრგო” დგებოდა. გურიაში მრავალი ჯიშის მაღლარი ვაზი ხარობდა და ღვინო დიდი რაოდენობით გაჰქონდათ. უცხოელი მოგზაურები გურულ ღვინოს ფრანგულს (ბურგუნდიულს) ადარებდნენ.

მესაქონლეობა დაქვემდებარებულ როლს თამაშობდა, თუმცა საკმაო რაოდენობით იყო ცხენი, ხარ-ძროხა, თხები, კამეჩები, შინაური ფრინველი და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ჰყავდათ ღორები. განვითარებული იყო მეფუტკრეობა და მეაბრეშუმეობა - თაფლი და აბრეშუმის ნაწარმი გატანის საგანს წარმოადგენდა. კლიმატის თავისებურების გამო, ცხვარს იშვიათად შეხვდებოდით. მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ნადირობა. პური მცირე რაოდენობით მოჰყავდათ. ძირითადი მარცვლეული კულტურები საქართველოს ამ ზღვისპირა ეთნოგრაფიული რეგიონისათვის იყო ღომი და მოგვიანებით სიმინდი, აგრეთვე სხვადასხვა პარკოსნები: ლობიო, ცერცვი, ხანჭკნოლა... თესავდნენ სელს და ბამბას. გურიიდან გასაყიდად გაჰქონდათ ღვინო, თაფლი... სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა XVIII ს-ის ბოლოსა და XIX ს-ის დასაწყისში გურიის მოსახლეობას იმერეთისა და ახალციხის საფაშოს მოსახლეობასთან ჰქონდა. გურიის მთისწინა სოფლებში მოსახლეობა მასობრივად ეწეოდა ხელოსნობას - ხის ჭურჭლისა და სხვა ნივთების დამზადებას. აჭარა-გურიის ქედის კალთები დაფარული იყო ტყეთა ტევრებით და ამ მხარის ეკონომიკურ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა ნადირობა. ნადირობდნენ ირემზე, შველზე, არჩვზე, გარეულ ღორზე, დათვზე... (ჩხატარაიშვილი, 1963).

მოსახლეობა

XIX ს. დასაწყისში გურიაში 35 ათასამდე ადამიანს უცხოვრია. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი 1812 წელს „ჟამიანობას” შეეწირა.

ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, გურიაშიც ზოგ გვარს ცალკე საჯვარე (სამლოცველო) ჰქონდა. ქვემო გურიაში მაჰმადიანობის გავრცელების გამო, არაერთი გვარი ზემო გურიას და დასავლეთ საქართველოს სხვა ეთნოგრაფიულ რეგიონებში გადასახლდა.

კულტურა

გურიის ყოფაზე როცა ვლაპარაკობთ, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ გურული სიმღერების შესახებ. სამეცნიერო ლიტერატურაში ხაზგასმით აღნიშნავენ გურულების მუსიკალობას და მათი სიმღერების ორიგინალურ მრავალხმიანობას. მღეროდნენ არამარტო ლხინში, ქორწილში, არამედ შრომის დროსაც. „გურული სიმღერა, რომელიც შეგუებული, შეხამებული, მისადაგებული, შეხმატკბილებული იყო შრომა-გარჯილობასთან, აადვილებდა, არაქაფებდა და მეტ ნაყოფიერ-ბარაქიანს ხდიდა შრომას, აძლევდა მას შინაარსსა და ხალისს. ზარმაცს აბეჯითებდა, ლაჩარს ამხნევებდა, დაღლილს ძალ-ღონეს მატებდა, ხორციელად ამხნევებდა, სულიერად აკეთილშობილებდა” (წულაძე, 1971, გვ. 13). კარგი ყანური სიმღერა თურმე ოთხ კილომეტრზედაც კი ისმოდა.

გურულები

ვახუშტი ბაგრატიონი (გვ. 793) გურულებს შემდეგნაირად ახასიათებდა: „ხოლო კაცნი და ქალნი მგზავსნი იმერთა ზნითა, ქცევითა, სარწმუნოებითა, რჯულითა. სამწყსონი აფხაზეთის კათალიკოზისანი, შემოსილნი აგრეთვე და შუენიერებითაცა, არამედ უმეტეს კეკელანი და რბილნი, ენატკბილმოუბარენი, უმეტეს წიგნის სიტყვით (მესხთაებრ), არამედ ქართულისავე ენისანი და არა სხგსა. ბრძოლასა შინა შემართებელნი... უქურდალნი, უავაზაკონი; ვითარცა ოდიშარნი, სტუმრის მოყუარენი და კეთილად შემწყნარენი, კეთილმგალობელ-მწიგნობარნი, მშგდნი, არამედ მყის გულმწყრალნი”.


წყარო

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები