იმნაიშვილი ივანე
ივანე იმნაიშვილი – (დ. 10 იანვარი, 1906, სოფ. ლაშისღელე, ლანჩხუთის რ-ნი, – გ. 26 იანვარი 1988, თბილისი), ენათმეცნიერი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1960), მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1967).
დაამთავრა თსუ საენათმეცნიერო განხრით (1930). 1930-38 ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ლანჩხუთში, მცხეთასა და თბილისში. 1939-45 მუშაობდა თსუ ქართული ენის კათედრაზე, კათედრის გაყოფის შემდეგ – ძველი ქართული ენის კათედრაზე (1945-88). 1949-51 იყო ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგუყრი ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგე.
ივანე იმნაიშვილი იკვლევდა ძველი ქართული ენის ძეგლებს. მოამზადა და გამოსცა „ქართული ოთხთავის ბოლო ორი რედაქცია“ (1979), ახალი აღთქმის წიგნებიდან – „იოანეს გამოცხადება“ და მისი თარგმანები (1961), თხსულების ძველი ქართულ ვერსიასთან ერთად წარმოდგენილია ანდრია კესარიელის „თარგმანებაი“. ტექსტს ახლავს გამოკვლევა და ლექსიკონი. ასევე გამოკვლევითა და ლექსიკონითურთ გამოსცა „წამება შვიდთა ყრმათა მაკაბელთა“ (1980).
ი. აბულაძესთან ერთად იმნაიშვილი მონაწილეობდა ქართული ოთხთავის ძველირედაქციის გამოცემაში სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით (გამოსცა ა. შანიძემ, 1945), ძველი ქართული ენის კათედრის სხვა წევრებთან ერთად – სინური და უდაბნოს მრავალთავების გამოცემაში. ამათგან სინურ მრავალთავს მიუძღენა ცალკე მონოგრაფიული გამოკვლევა, ომელშიც ენობრივ მიმოხილვასთან ერთად არის ვრცელი ლექსიკონი.
იმნაიშვილმა შეადგინა სასწავლო დანიშნულების „ქართული ენის ისტორიული ქრესტომათია“ ორ ტომად (ტ. 1 –1949, ტ. 2 – 1963). სასწავლო დანიშნულებისაა აგრეთვე იმნაიშვილის გამოცემა „საკითხავი წიგნი ძველ ქართულ ენაში“ (ტ. 1, 1963; ტ. 2, 1966).
იმნაიშვილის ლექსიკოგრაფიული საქმიანობიდან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს „ქართული ოთსთავის სიმფონია-ლექსიკონის“ გამოცემა (ორ წიგნად, 1948-49); მონაწილეობდა „ვეფხისტყაოსნის“ სიმფონიის შედგენაში.
იმნაიშვილმა ძველი ქართული ენის გრამატიკის საკითხებს მიუძღვნა ფუნდამენტური მონოგრაფია „სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები ძველ ქართულში“ (1957). შეავსო და ცალკე წიგნად გამოსცა (1972) ძვ. ქართ. ენის მიმოხილვა და ტაბულები. ძველი ქართული ზმნის მორფოლოგიური სტრუქტურის კვლევას ეძღენება მონოგრაფია „ზმნა ძველ ქართულში“, რომელიც გამოსაცემად მოამზადა და 1996 მაინის ფრანკფურტში გამოსცა მისმა შვილმა ვ. იმნაიშვილმა. ამ ნაშრომისათვის ი. და ე. იმნაიშეილებს ა. შანიძის სახ. პრემია მიენიჭათ.
იმნაიშვილი თანაავტორია (ა. შანიძესა და ლ. კვაჭაძესთან ერთად) ქართული ენის სასკოლო სახელმძღვანელოებისა. მას ეკუთვნის მეთოდიკური წერილები ძველი და ახალი ქართული ენის სწავლების საკითხებზე სკოლაში; წერილების სერია თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის საკითხებზე. წიგნად გამოიცა მისი „ქართული პოეტური ენის საკითხები“ (1966), აგრეთვე „ვაჟა-ფშაველა და ძველი ქართული ენა“ (1968).
ზ. ჭუმბურიძე