სახელმწიფო ენის სამმართველო
სახელმწიფო ენის სამმართველო – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო ენის სამმართველო, რომელიც მონაწილეობს, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, ენობრივი პოლიტიკის შემუშავებაში და უზრუნველყოფს ამ პოლიტიკის განხორციელებას საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში; ხელს უწყობს ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის ინსტიტუციონალიზაციის პროცესს; მონაწილეობს საქართველოში გავრცელებული ენობრივი უმცირესობის ენათა დაცვაში; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციაში, საერთაშორისო კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებებზე დადგენილი წესით და თავისი კომპეტენციის ფარგლებში. შესაბამისად, შეისწავლის და ითვალისწინებს საერთაშორისო რეკომენდაციებს.
სამმართველო განახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ენის ცოდნის უზრუნველსაყოფად; ხელს უწყობს საქართველოს სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეთათვის სახელმწიფო ენის სწავლების სისტემის ფორმირებას, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა საექსპერტო კომისიასთან ერთად შეიმუშავებს სახელმწიფო ენის ნორმებს, შესაბამისად სამთავრობო და არასამთავრობო, კვლევით, სასწავლო სტრუქტურებთან თანამშრომლობით; ხელს უწყობს ქართული სალიტერატურო ენის სიწმინდის დაცვასა და სალიტერატურო ენის ნორმათა დამკვიდრებას.
თ. ბოლქვაძე