კახაბერისძე რატი (III)
რატი (III) კახაბერისძე - რაჭის ერისთავი XIII ს-ის პირველ ნახევარში.
რატი (III) ივარაუდება ნიკორწმინდის ტაძრის წარწერაში: „წმიდაო ნიკოლოზ მღდელთმოძღუარო, მეოხ-ექმენ წინაშე ღმრთისა დედოფალთ-დედოფალსა ევფემიას, ასულსა სულკურთხეულისა ერისთვთ-ერისთავისა რატისსა, ამინ“. რაჭის ერისთავი კახაბერიძე რატი, მისი მეუღლე რუსუდანი და შვილი ნიანია იხსენიებიან მღვიმევის ეკლესიის მაშენებლებად. წარწერის დათარიღება სპეციალურ ლიტერატურაში მერყეობს XI-XIII ს-თა შორის. რატი (III)-ის შვილი უნდა იყოს კახაბერი, რუსუდან მეფის თანამოღვაწე, რომლის შვილსაც აგრეთვე კახაბერი რქმევია.
წყაროები და ლიტერატურა
კაკაბაძე 1929: 107; სილოგავა 1980: 170; ბახტაძე 2003: 229 .
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017