ნუნისი
ნუნისი − ლამაზი მთიანი სოფელი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ზვარის თემი). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილო კალთაზე, მდინარე ნუნისისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 920 მ, ხარაგაულიდან 27 კმ.
ამ სოფელს შორს გაუთქვა სახელი გოგირდოვანი მინერალური სამკურნალო წყაროების სიუხვემ და მისმა დიდმა ეფექტიანობამ. სოფლის სახელწოდება ნუნის-ი მეორეულია, იგი მუნისი-საგან მომდინარეობს და ნიშნავს: „მუნის (ქავანა, მღერი) სამკურნალო წყაროები“, „ადგილი, სადაც გამოედინება მუნის სამკურნალო წყლები“.
ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილი, მართალია, ნუნისს რატომღაც ნონისს უწოდებს და მასში სხვაგვარ შინაარსსაც დებს („ნონას შთამომავალთა სოფელი“), მაგრამ აქაურ მცხოვრებთა დიდი უმრავლესობა სწორად ხსნის მშობლიური სოფლის სახელწოდებას. „ნუნისი იყო მუნისი, მუნის აბანოა იქა”.