ყველის ერისთავი
ყველის ერისთავი - ყველის საერისთავოს შესახებ ძალზე მწირი ცნობებია შემონახული. მისი არსებობა დასტურდება ყველის ციხეში ნაპოვნი ქვის სვეტის წარწერით: „საყდარი იოვანე ერისთავისა“. წარწერის დათარიღების ქრონოლოგიური ჩარჩო IX-XI საუკუნეებს შორის თავსდება. „მატიანე ქართლისაჲ“ XI ს. 60-იანი წლების მოვლენებთან დაკავშირებით ივანე ლიპარიტის ძესთან და ნიანია ქუაბულის ძესთან ერთად ასახელებს ყველის ერისთავ მურვან ჯაყელს, რომლებიც გაუგზავნია ბაგრატ IV-ს (1027-1072) ქართლში ჩამომდგარი ამირა ფადლონის წინააღმდეგ. XI ს-ის შემდეგ წყაროებში ყველის საერისთავოს ხსენება ქრება.
წყაროები და ლიტერატურა
Такаишвили 1907: 6; შოშიაშვილი 1980: 136; მატიანე ქართლისაჲ 1955: 310; სილოგავა 1983: 275; ბახტაძე 2003: 264.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017