ყვირილა
ყვირილა – მდინარე დასავლეთ საქართველოში, რიონის მარცხენა შენაკადი. სათავეს იღებს რაჭის ქედზე, ძირულას შესართავამდე ხეობაში მიედინება, შემდეგ — დაბლობზე. მდინარის სიგრძე 140 კმ-ია, აუზის ფართობი 3630 კმ², წყლის საშუალო ხარჯი — 61 მ³/წმ ზესტაფონთან, 90 მ³/წმ — შესართავთან. ძირითადად საზრდოობს წვიმის წყლებით.
ვახუშტი ბატონიშვილი საკმაოდ დაწვრილებით აღწერს მდინარის მთელ „თავგადასავალს“, მისი „დაბადებიდან“ რიონთან შეერთებამდე: „ხოლო გამოსდის ყვირილა ერწოს ტბას და მოდის ჩდილოდამ სამჴრეთად ჭალამდე, ჭალიდამ ნავარძეთამდე – აღმოსავლეთიდამ დასავლად, გრეხით: ნაგარძეთითამ შორაპნამდე – ჩდილოდამ სამჴრით; შორაპნიდამ რიონის შესართავამდე – აღმოსავლიდამ დასავლეთად და მცირედ ჩდილოთ კერძოდ მიწევით. არამედ (დის) საჩხერიდამ შორაპნამდე კლდოვანსა და მაღალს ჴრამოვანსა შინა და შორაპანს ქვეით – ფლატოვანს-ჭალოვანსა შინა. ამ ყვირილასა შინა იპყრობის თევზნი… ყოველნი, თვინიერ ზუთხისა, ხოლო საჩხერეს ზეით არს კალმახთა სიმრავლე და სხვა არარაი და არს სასმისად გემოიანი და შემრგო და თვინიერ უხმარი“.
ვახუშტი უყურადღებოდა არ ტოვებს მდინარის სახელწოდების წარმოშობის ისტორისაც: „მდინარემან ამან მოიგო სახელი ესე თვისის ჩქარისა და კლდესა ზედა დინებითა. ვინათგან ხმოვანებს შორ სასმენელად“ უნდა აღინიშნოს, რომ მდინარე ყვირილის ამგვარი განმარტება ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ისტორიკოსების ნაწერებში გვხვდება. კერძოდ, ცნობილ ბიზანტიელ მწერალს, პროკობი კესარიელს (VI ს.) ნათქვამი აქვს, რომ მდინარე რეონს (იგივე რიონი) ერთვის მდ. გლავიკოსი (გლაჳკოს). იგი ქართულად გადმოითარგმნება როგორც ყვირილი, ხმაური, ძახილი. საკითხავია, რომელი წყაროდან სარგებლობს ვახუშტი: იცოდა მან პროკოპი კესარიელის ეს ცნობა, თუ მის დროსაც არსებობდა ანალოგიური ხალხური ვერსია მდ. ყვირილის ზმნური ყვირილისაგან მომდინარეობის თაობაზე? არსებითი კი ამ შემთხვევაში ისაა, რომ მდ. ყვირილის ეტიმოლოგია სულ მცირე, VI საუკუნიდან უკვე ცნობილი ყოფილა. საინტერესოა, რომ ძველი ბერძნები ქართულ სახელებს ჩვეულებრივ თარგმნიდნენ, ან კალკირებას ახდენდნენ (შდრ. ჰიპპოს – ცხენისწყალი, როდოპოლის – ვარდციხე||ვარციხე; სარაპანის – შორაპანი, ბოას – ყვირილა…) სახელწოდება ყვირილა შინაარსობრივად იმდენად გამჭვირვალედ მოჩანს (ყვირილი, ძახილი, ხმაური…), რომ შესაძლებელია ვახუშტი ბატონიშვილს ამგვარი ეტიმოლოგია დამოუკიდებლად მოეხდინა (გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სწავლული ბატონიშვილი გეოგრაფიული სახელების ახსნა-განმარტებით დიდად ყოფილა გატაცებული, რაზედაც მისი ათეულობით ეტიმოლოგია მეტყველებს). ყვირილის ვახუშტისეული განმარტება – „ვინათგან ხმოვანხებს შორ სასმენელად“ – დღეს სპეციალისტთა უდიდესი ნაწილის მიერ გაზიარებულია.